ახალი ამბები

“სახელმწიფო გულისხმიერებით არ ეკიდება ადამიანის უფლებათა რეფორმას” – GDI-ის ანგარიში

27 სექტემბერი, 2016 • 2013
“სახელმწიფო გულისხმიერებით არ ეკიდება ადამიანის უფლებათა რეფორმას” – GDI-ის ანგარიში

“საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” (GDI) ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგემის (2014-2015 წ.) პირველი თავის შესრულების ანგარიში წარმოადგინა, სადაც საუბარია, თუ როგორ ასრულებდა ხელისუფლება საკუთარი სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს.

ანგარიში 2015 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირების, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის კუთხით განხორციელებული აქტივობების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას მოიცავს.

ანგარიში, რომელიც GDI-მ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით” მოამზადა, 27 სექტემბერს წარმოადგინეს. გასულ წელს GDI-მ ასევე წარმოადგინა ამავე გეგმის პირველი და მეორე თავით გაწერილი აქტივობების შესრულების ანგარიში.

ყველა ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა აქვს, მაგრამ კარგია, რომ ეს სამოქმედო გეგმა იყოს ჯანსაღი, იყოს რეალური, კარგად გაზომვადი და ასახავდეს რეალობას,”- განაცხადა “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა გიორგი ბურჯანაძემ შეხედრის გახსნისას.

GDI-ის თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განაცხადებით, ჩნდება განცდა, რომ მთავრობისთვის სამოქმედო გეგმა არის ფორმალური ვალდებულება, რომლის მოსახდელადაც 2-3 აქტივობა უნდა განახორციელონ:

“სახელმიწიფო, სამწუხაროდ, არ აღქვამს ამ საქმოქმედო გეგმას, ადამიანის უფლებათა რეფორმირების საკითხებს ისეთივე გულისხმიერებით, როგორც ის აღიქვამს ინფრაქტრუქტურულ პროექტებს და თავს იწონებს საკუთარ ამომრჩეველთან. ეს არის, რასაც უნდა მივაღწიოთ ჩვენი შრომით, რომ მის მიერ ადამაინის უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმები ისეთივე მნიშვნელოვანია და ისევე შეიძლება მოიწონოს თავის საკუთარ ამომრჩეველთან და მოსახლეობასთან, როგორც ინფრაქტრუქტურული პოექტებით. სახელმწიფოს უნდა სჯეროდეს, რომ პროგრესი ადამიანის უფლებებში არის არა მისთვის საფრთხე, არამედ არის საერთო წარმატების წინაპირობა, მათ შორის, თუნდაც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმატების,”- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებისას.

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

შეჯიბრებითობისა და თანასწორობის დაცვა

შეჯიბრობითობის პრინციპის და დაცვის მხარის უფლებების განმტკიცება – ეს GDI-ის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ამ ნაწილში აღებული ვალდებულებები მთავრობას არ შეუსრულებია.

2016 წლის 20 თებერვალს ამოქმედდა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, გამოძიებას უფლება აქვს, რომ მოწმე, რომელიც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს აცხადებს, მოსამართლის წინაშე დაკითხოს. დაცვის მხარეს იგივე არ შეუძლია.

ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ ამ წესის ამოქმედებას, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ეს მოხდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით.

“ეს არ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო განხორციელებული, რომ ყოფილიყო მიღწეული მიზანი. ჩვენს სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც შეჯიბრებითია, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მოწმეებისადმი თანაბარი წვდომა გააჩნდეს ორივე მხარეს და არ იყოს ეს მხოლოდ ერთი მხარის პრივილეგია.

ანგარიშში ხარვეზებად მიჩნეულია შემდეგი საკითხები:

[checklist]

  • ცვლილებები მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებას, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხოს მოწმე;
  • დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, დაესწროს ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის პროცესს;
  • მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის იძულებით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დასაყენებლად გამოიყენება მტკიცების დაბალი სტანდარტი.

[/checklist]

დაცვის მხარე კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციას ვერ მოიპოვებს

ანგარიშში სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის დარღვევაზეა საუბარი. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის წესი. კერძოდ, საპროცესო კოდექსი მხოლოდ პროკურორს ანიჭებს ამ საკითხზე შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილებას.

“დაცვის მხარისგან განსხვავებით, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს წესით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი ელექტრონული მონაცემის მატარებლიდან. რაც დღევანდელი ტექნოლოგიური რეალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან უპირატესობაში აყენებს მას,”-  ვკითხულობთ ანგარიშში.

დაცვის მხარეს არ აქვს მტკიცებულების პირველად გამოკვლევის უფლება

საპროცესო კოდექსის თანახმად, მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს უფლება პირველად გამოიკვლიოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგანი, ნივთი, ნივთიერება, აგრეთვე, ინფორმაციის შემცველი სხვა დოკუმენტი.

“მიგვაჩნია, რომ წინამდებარე დებულება მნიშვნელოვნად არღვევს შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპს. ამასთან, ეწინააღმდეგება პირის თვითინკრიმინირებისგან დაცვის გარანტიებს,”- აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა

ანგარიშში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გეგმით გათვალისწინებული დებულებები არ შესრულებულა.

კერძოდ, ავტორები წერენ, რომ 2014 წლის 18 სექტემბერსა და 2015 წლის 19 თებერვალს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები მიმართული იყო არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმირებისაკენ, არამედ მნიშვნელოვნად აკნინებდა ამ ინსტიტუტის როლს.

რიგი ცვლილებები, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასთან, ასევე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, თუმცა უარყოფითად შეფასდა ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული და საგნობრივი განსჯადობის დავიწროება.

კერძოდ, განსხვავებით მანამდე არსებული წესისგან, ახალი ცვლილებებით განისაზღვრა კონკრეტულ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელიც იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსჯადი. ანგარიშის თნახმად, ამ დანაშაულებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვიწროა. ასევე, დაგეგმილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება 7 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში და ის არ მოიცავს ყველა სასამართლოს.

“უმჯობესი იქნებოდა, თუკი კანონმდებლობით გაგრძელდებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეტაპობრივად გავრცელების ტენდენცია და საბოლოოდ მისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მიღებული ცვლილებებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ ჩაიწერა ის შვიდი სასამართლო, რომელშიც იფუნქციონირებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუმცა მისი სამომავლო გავრცელების პერსპექტივა კოდექსით აღარაა გათვალისწინებული,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის საჭირო ევროპული სტანდარტების დამკვიდრება

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის საჭირო ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად ღონისძებების გატარების კუთხით აღებული ვალდებულებები ანგარიშის ავტორებმა “ნახევრად შესრულებულად” შეაფასეს.

ანგარიშის ავტორები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი სრულად გაითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და მათი 2 წლის ვადით შენახვის უფლებამოსილება.

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის პირველი თავის შესრულების პრეზენტაცია OSGF-ის ოფისში. 27.09.2016

ანგარიშში შესრულებულ აქტივობებს შორის მოცემულია საპროცესო შეთანხმების რეფორმა; დაზარალებულთა უფლებების განმტკიცების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება; სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის, მოსამართლის დისკრეციის გაზრდის, ნათელი და განჭვრეტადი სისხლის სამართლის ნორმების ფორმირების მიზნით ცვლილებების პროექტის მომზადება. “გაურკვევლის” სტატუსი აქვს გეგმაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მოსამართლის როლის გაზრდის მიზნით კლვევის მომზადების შესახებ ჩანაწერს.

საბოლოო ჯამში, GDI-ის შეფასებით, 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პირელ თავში გაწერილი 10 საქმიანობიდან 4 შესრულებულია, 1 – ნაწილობრივ შესრულებული, 3 – შეუსრულებელი, ხოლო 2-ს – გაურკვეელის სტატუსი აქვს.

 

77

მასალების გადაბეჭდვის წესი