ახალი ამბები

ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანაგარიში გააცნო

26 სექტემბერი, 2016 • 1358
ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანაგარიში გააცნო

დღეს, 26 სექტემბერს სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში გააცნო.

ანგარიშის თანახმად, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა, 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და  1 623 384 (46.24%) კაცი.

გარდა ამისა, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა ან გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 57 საინიციატივო ჯგუფი.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3, 634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი – 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო) ორგანიზაციამ. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.

“ჩვენ დავამკვიდრეთ ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი. ანგარიში წარვუდგინეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობაა ასახული ამ ანგარიშში,” – განაცხადა თამარ ჟვანიამ, ცესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე მოწვეულ ორგანიზაციებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები არ დაუსვამთ.

“კრიტიკული შენიშვნების მაგივრად ერთმა ადამიანმა იმხელა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, სხდომის დატოვების სურვილი გამიჩნდა. ვიყავი საბჭოთა ყრილობაზე, სადაც იყო ტაში და  მქუხარე ტაში,”- ამბობს ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე.

“ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს”  ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩატარებული სამუშაოების გამო ცესკო მადლობას იმსახურებს. მისივე თქმით, ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა:

“ძალიან ბევრი პრობლემა აღმოიფხვრა საარჩევნო სიების მიმართულებით. ცესკოს უამრავი თანამშრომელი გადამზადდა, ასევე, პარტიების წარმომადგენლები. “

მასალების გადაბეჭდვის წესი