ახალი ამბები

ბათუმში კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

2 ივნისი, 2012 • 1947
ბათუმში კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა ბათუმში, რომლის ხელმძღვანელად ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი, ყოფილი “რესპუბლიკელი” ავთანდილ ბერიძე აირჩიეს.

 

“რატომ ავთანდილ ბერიძე? – იმიტომ, რომ არის კონკურენცია და ამას თითოეული მოქალაქე, თითოეული ქართველი უნდა მიეჩვიოს. კონკურენციაში გამარჯვება უფრო უკეთესია, ვიდრე დანიშვნა, ჩაწყობა, გადარეკვა და ა.შ.” – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აჭარაში მურმან დუმბაძემ.

 

მისივე განცხადებით, ავთო ბერიძე ერთადერთია, ვინც კარგად იცის როგორც ბათუმი, ასევე, ხელვაჩაური:

 

“ამიტომ კარგად უნდა მოვიგოთ, როგორც ბათუმი, ასევე – ხელვაჩაური. არა იწილო-ბიწილოთი, არამედ 2/3-ით”.

 

ავთანდილ ბერიძე მოწვეულ სტუმრებს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ წარუდგინა:

 

“დღეს ბათუმში საფუძველი ეყრება ქართული ოცნების ახდენას. ბიძინა მარტო არ არის ამ საქმეში, მასთან ერთად არიან “რესპუბლიკელები”, კოალიცია არის რეალური ძალა, რომლესაც ძალუძს დაამარცხოს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ. ქართული ოცნება ეს არ არის მხოლოდ ქართული ოცნება, ეს არის აჭარული ოცნება, რადგან საქართველო არ არსებობს აჭარის გარეშე, რომელიც ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანია კუთხეა”.

 

ავთო ბერიძე “აჭარულ-ქართული ოცნების” ახდენას მეგობრებთან ერთად აპირებს:

 

“ერთმა კონკურენტმა მითხრა საკრებულოში, ავთო, ოცნება დაიწყეო? ადამიანი დაბადებიდან ოცნებობს და მეც ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომლის დროშაზეც დაწერილი იქნება– ენა, მამული, სარწმუნოება. ამ ოცნების ასრულებას, მე მგონი, დაადგება საშველი იმ გუნდთან ერთად, ვინც ყველა ჩემი მეგობარია და ვინც 90–იანი წლებიდან ერთად მოვდივართ. აქ ახალი სახეები ძალიან ცოტაა”.

 

ოფისის გახსნას არ დასწრებიან “რესპუბლიკელების” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია მასალკინი და “კონსერვატორების” რეგიონული ხელმძღვანელი, დავით ბაციკაძე.

 

“მე სხვა შეხვედრაზე ვარ გასული, რომელიც დაგეგმილი იყო, გია მასალკინი კი შვედეთშია, როგორც ვიცი”, – განაცხადა ბაციკაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი