ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დაიწყო აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დაიწყო

დღეს, 2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება.

როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაზახირ ფახანოვმა განაცხადა, კენჭისყრის პროცესს ქვეყნის მასშტაბით 53 ათასი დამკვირვებელი, მათ შორის 117 საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება:

“გარწმუნებთ, კენჭისყრა გამჭვირვალე იქნება”.

საარჩევნო სიებში, ოფიციალური ცნობითვე, 5 მილიონზე მეტი მოქალაქე ირიცხება.

აზერბაიჯანში 2016 წლის 26 სექტემბრის რეფერენდუმზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დოკუმენტი რეფერენდუმამდე რამდენიმე დღის ადრე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა.

კომიისის ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ბევრი შემოთავაზებული ცვლილება ძალთა ბალანსს სერიოზულად არღვევს და პრეზიდენტის უფლებამოსილებას უპრეცედენტოდ ზრდის”. ” 5-დან 7 წლამდე საპრეზიდენტო მანდატის გაზრდა გაუმართლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის, რომლის არჩევაც 2009 წლიდან ნებისმიერი ვადით შეიძლება, უფლებამოსილებები ისედაც ფართოა”. ასევე, ექსპერტები აკრიტიკებენ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის მექანიზმებს და ა.შ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დროის სიმცირის გამო კომისიის წევრებს აზერბაიჯანში ვიზიტისა და ხელისუფლებასთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტრესებულ პირებთნ შეხვედრის საშუალება არ მიეცათ. ასევე, კომისია წუხს იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეფერენდუმზე საკითხის წარმოდგენამდე მათთან კონსულტაციები არ გაუმართავს.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 2016 წლის სექტემბერში უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას აქ იხილავთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი