ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრეზიდენტი 7 წლით – დაგეგმილი ცვლილებები აზერბაიჯანის კონსტიტუციაში

23 აგვისტო, 2016 • 2509
პრეზიდენტი 7 წლით – დაგეგმილი ცვლილებები აზერბაიჯანის კონსტიტუციაში

2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

ილჰამ ალიევმა ივლისის დასაწყისში საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვილებების განხორციელების თემაზე რეფერენდუმის აქტის პროექტი შეიტანა. ერთი კვირის შემდეგ აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის გზით ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობა აღიარა.

რეფერენდუმის შესახებ ახალი ამბავი ქვეყნისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობდა ამის რაიმე წინაპირობა და ამ საკითხზე იქამდე არავის უსაუბრია. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებაში რეფერენდუმის დაანონსებaმაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა. იმის მიუხედავად, რომ მის გამართვამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, არ არსებობს არანაირი აქტიურობა არც პარტიებში, არც საზოგადოებაში.
პოლიტიკური პარტიები და ქვეყნის სხვა ძალები არ ჩქარობენ სააგიტაციო სამუშაოების დაწყებას საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ ან პირიქით. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე დაარეგისტრირა მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანის” საინიციატივო ჯგუფი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 29 პუნქტისგან შედგება, რომელთა შორისაც რამდენიმე მეტად-ნაკლებად განიხილება. კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის 5-დან 7 წლამდე გაზრდას და აზერბაიჯანის ვიცეპრეზიდენტების პოსტების შექმნას. სწორედ პირველი ვიცეპრეზიდენტი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამას ვერ შეძლებს. ამასთან, ვიცეპრეზიდენტებს უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელი დანიშნავს. ასევე შემოთავაზებულია მინიმალური ასაკობრივი ზღვარი პრეზიდენტის კანდიდატურისთვის, რომელიც დღესდღეობით 35 წელია; ცვლილებების მიხედვითვე, ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. გარდა ამისა, პარლამენტში დეპუტატობის პოსტზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25-დან 18 წლამდე მცირდება. პრეზიდენტსვე მიენიჭება ქვეყნის პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება. აზერაიჯანში მილი მეჯლისის დეპუტატებს ხალხი ირჩევს, შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი მათი დათხოვნის შესახებ, გარკვეულ განხილვებს იწვევს.

აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ალი ახმედოვი სახელმწიფო გაზეთთან “აზერბაიჯანი” ინტერვიუში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ქვეყნის რეფორმების შემადგენელი ნაწილია: “ ძირითადი მიზანია თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური მექანიზმების უზრუნველყოფა ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მექანიზმებისა და რეალიზაციისთვის. ამჟამად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეფორმების მრავალმხრივი და ღრმა სტრატეგია გადამწყვეტ სტადიაშია შესული. როგორც შიდა, ასევე, გარე მიზეზებმა გამოიწვია აუცილებლობა ფართო მრავალმხრივი რეფორმების გატარების. ამ რეფორმებზე უარის თქმამ ან დაგვიანებამაც კი, შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენოს”.

დეპუტატობის კანდიდატთა ასაკობრივი ცენზის ცვლილების შესახებ საუბრისას ამბობს, რომ საარჩევნო უფლების ნებისმიერი შეზღუდვა დემოკრატიულ აზროვნებას ეწინააღმდეგება. ვიცე \პრეზიდენტის ინსტიტუტზე საუბარისას კი განაცხადა, რომ მისი ძირითადი მიზანია საპრეზიდენტო მმართველობის სრულყოფა და თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი. საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდაზე ამბობს, რომ ამ ცვლილებასაც ამომრჩეველი ნორმალურად შეხვდება..

რეფერენდუმის საკითხზე ნეტგაზეთი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატებს, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ლიდერებს, ასევე, პოლიტოლოგებს ესაუბრა.

მილი მეჯლისის დეპუტატი, პარტია დემოკრატიული რეფორმების თავმჯდომარე, ასიმ მოლლაზადე ამბობს, რომ რეფერენდუმის მთავარი ამოცანაა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სისტემის გაძლიერება და კონსოლიდირება.

“ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ. შესაძლოა, ეს ჩვენს რეგიონთან დაკავშირებული საგარეო საფრთხეებისა და სომხეთის აგრესიული პოლიტიკის ჭრილში აუცილებელიც იყოს. ამ კუთხით რეფერენდუმის შემოთავაზება სავსებით ლოგიკურია”.

ამასთან, ასიმ მოლლაზადე ამბობს, რომ ისინი არ გეგმავენ აქტიურ სააგიტაციო კამპანიას.

“ჩვენი მთვარი ფუნქცია ამ რეფერენდუმზე მისი დემოკრატიულად ჩატარებაზე დაკვირვებაა. იმისთვის, რომ ხალხის ნება ნათლად იყოს ასახული მის შედეგებზე”.

დეპუტატი, აზერბაიჯანის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი არაზ ალიზადე, ასევე მხარდაჭერას უცხადებს რეფერენდუმის ჩატარების საკითხს:

“კონსტიტუცია არ არის გაქვავებული, ის უნდა იხვეწებოდეს. აზერბაიჯანი ახალგაზრდა სახელმწიფოა. ცვლილებები მხოლოდ გააუმჯობესებს ქვეყნის მართვას.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აზერბაიჯანში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა გაჩნდება. დღეს მთელი დატვირთვა პრეზიდენტზე მოდის. რაც შეეხება საპრეზიდენტო ვადის გაზრდას, არ არის ამაში რამე განსაკუთრებული. თავის დროზე, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საბჭოთა რესპუბლიკებმა ამერიკული მოდელის გადმოღება [ორი ვადით არჩევა] დაიწყეს. მაგრამ ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ერთია მრავალმილიონიან ამერიკაში ყოველ 8 წელს პრეზიდენტის მოძებნა [რაც არც ისე წარმატებულად გამოდის], და მეორეა, პატარა რესპუბლიკებში გამოკვეთილი ლიდერების პოვნა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სრულიად მართებულია”.

პარტია “უმიდის” ლიდერი, მილი მეჯლისის ყოფილი დეპუტატი იგბალ აგაზადე მოკლედ აყალიბებს საკუთარ აზრს:

“ჩვენ რეფერენდუმის წინააღმდეგი ვართ და, როგორც პარტია, მას მხარს არ ვუჭერთ. რეფერენდუმის ჩატარება ამჟამინდელი ხელისუფლების გაძლიერებისკენ არის მიმართული”.

სამოქალაქო მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივა” (ReAl) ამ საკითხზე აქტიურ სამუშაოს გეგმავს.

“ჩვენ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს ვეწინააღმდეგებით. ამის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველიც გვაქვს. არავინ განმარტავს, რატომ და რისთვისაა ეს საჭირო, რა საფრთხეებზეა საუბარი, რომელზეც ხელისუფლება საზოგადოებას ელაპარაკება, რა რისკების შემცირებას გეგმავს ხელისუფლება, რისთვის გვჭირდება ამ რაოდენობით ვიცეპრეზიდენტები, რატომ იზრდება საპრეზიდენტო ვადა 7 წლამდე. ყველაფერი ეს პასუხგაუცემელია ხელისუფლების მხრიდან. კომენტარები არსებობს, მაგრამ განმარტებები- არა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თავად პრეზიდენტმა უნდა განმარტოს. ჩემი აზრით, ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შეამცირონ საზოგადოებაში ალტერნატიული აზრის ფორმალური შესაძლებლობები”, – ამბობს ReAl-ის თანადამფუძნებელი და წევრი ერკინ გადირლი.

მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს საკითხი და ბევრმა არც იცის მოსალოდნელი რეფერენდუმის შესახებ.

“ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ რეფერენდუმის შედეგები, შესაძლოა, მის პირად ინტერესებსაც შეეხოს”.

ერკინ გადირლი მათი მოძრაობის სააგიტაციო კამპანიაზეც ლაპარაკობს. “ჩვენ, ისევე როგორც ReAl, ვემზადებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სოციალურ ქსელებს, ვიდეომასალებს, ბეჭდურ მასალებს, შევხვდებით ხალხს, ვისაუბრებთ მათთან. ერთი სიტყვით, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კანონით არ არის შეზღუდული”.

პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე ამბობს, რომ არ ღირს რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა მთავრობის ინიციატივად განვიხილოთ.

“ეს ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვიტა. რატომ გადაწყვიტა მან ეს? მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ამიტომაც რეფერენდუმი ძალაუფლების გასამყარებლად ტარდება. ვიცეპრეზიდენტების პოსტებით უკანა პლანზე გადადიან პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. შესაძლოა, ამან კრიზისამდეც მიგვიყვანოს. როგორც არ უნდა დასრულდეს რეფერენდუმი, ის ჩვენს საზოგადოებაში არაფერს შეცვლის. საზოგადოებას აბსოლუტურად არ აინტერესებს რეფერენდუმები”.

რეფერენდუმის შედეგები 2016 წლის 21 ოქტომბერს გახდება საჯარო.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი