ახალი ამბები

აქცია დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად

1 ივნისი, 2012 •
აქცია დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე უფლებადამცველები თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდის დაკავებას გააპროტესტებენ.

 

15 წლის მოზარდს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და ქცევის კონტროლი უჭირს, ერთ-ერთი მაღაზიიდან ლუდის მოპარვა ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ  რამდენიმე დღის წინ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ამჟამად გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 30 მაისს შეხვდა და ესაუბრა დაკავებულს. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველყოს აღნიშნული მოზარდის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც დაკმაყოფილებულ იქნება მისი ყველა საჭიროება.

 

ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” ავრცელებს დაკავებული მოზარდის მამის ინტერვიუს, სადაც მამის ვინაობა დაფარულია, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. მამის განცხადებით, 15 წლის მოზარდს აწუხებს ეპილეფსია, უჭირს ქცევის კონტროლი და აღრიცხვაზეა აყვანილი ფსიქონევროლოგიურ  დისპანსერში. ტელეკომპანიის ცნობით, მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

 

მოზარდის მამამ ”მეცხრე არხს” ასევე განუცხადა, რომ მისი შვილის მდგომარეობის შესახებ მან ბევრი არაფერი იცის, რადგან სახაზინო ადვოკატი დავით ბოჭორიშვილი, რომელიც დაკავებულის ინტერესებს იცავს, მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჯერჯეობით, აღნიშნულ საკითხს არ გამოხმაურებია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი