ახალი ამბებისაზოგადოება

მძღოლი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვის დედა დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, არ დასჯილა

23 სექტემბერი, 2016 • 1790
მძღოლი, რომელსაც აუტიზმის მქონე ბავშვის დედა დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, არ დასჯილა

მძღოლს, რომელმაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის მტკიცებით ის და მისი შვილი ავტობუსიდან გამოაძევა, მერიის ტრანსპორტის სამსახური არ დასჯის. ბავშვის მშობელი აცხადებდა, რომ მძღოლმა მას მანქანის დატოვება მოსთხოვა, რადგან ბავშვი ხმაურობდა. ტრანსპორტის სამსახურში კი ამბობენ, რომ საკითხი გამოიძიეს და მძღოლის ბრალეულობა არ დადგინდა.

ტრანსპორტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლელა სეთურიძის განცხადებით, მათ დაკითხეს როგორც მძღოლი, ისე რამდენიმე მგზავრი, რომლებიც იმ დროს მანქანაში იმყოფებოდნენ. სეთურიძის თქმით, მძღოლმა ქალსა და მასთან მყოფ ბავშვებს ხმამაღლა უთხრა, რომ არ ეხმაურათ, რამაც მშობლის გაღიზიანება გამოიწვია.

“საქმეში შიდა აუდიტის სამსახური იყო ჩართული და მან დეტალურად შეისწავლა საქმე. თავად მგზავრებმა, საკუთარი სურვილის საფუძველზე, წარმოადგინეს განცხადებები, სადაც აღწერილი იყო მოვლენები და არ დასტურდებოდა მძღოლის ბრალეულობა,” – ამბობს სეთურიძე.

დღეს მშობლების ჯგუფმა მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა და განცხადებაზე პასუხი და მძღოლის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვის მშობელს მერიისაგან პასუხი ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუღია, რადგან ოჯახის საკონტაქტო ინფორმაცია არ ჰქონდათ. სამსახურმა ინფორმაცია სახალხო დაცველის აპარატს მიაწოდა. დღის ბოლომდე კი მშობელთა შეხვედრა იგეგმება.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის დედის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მას და მის შვილებს ავტობუსიდან აძევებდა და ამაში მგზავრიც ეხმარებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი