ახალი ამბები

ცესკო აცხადებს, რომ არჩევნებზე ოქმების სისტემაში შეყვანის ვიდეოტრანსლაციას მოაწყობს

23 სექტემბერი, 2016 • 1198
ცესკო აცხადებს, რომ არჩევნებზე ოქმების სისტემაში შეყვანის ვიდეოტრანსლაციას მოაწყობს

ცესკო აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების სისტემაში შეყვანის ვიდეოტრანსლაცია განხორციელდება. მსურველებს პროცესზე დაკვირვების საშუალება ცესკოს ვებ-გვერდის, ასვე Youtube-სა და Facebook-ის საშუალებით ექნებათ.

“ნებისმიერ მსურველს პირდაპირ, Facebook-ისა და Youtube-ს მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და ნახონ საჯაროდ, როგორ ითვლება ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 360-გრადუსიანი სპეციალური კამერის მეშვეობით ჩვენ ამ შესაძლებლობას ვაძლევთ ნებისმიერ  მსურველს, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ, საჯაროდ დააკვირდეს ხმის დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩვენო კომისიაში. რაც არის ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი გამჭვირვალობისთვის, ხელმისაწვდმობისთვის და იმისთვის, რომ შედეგების მიმართ იყოს მაქსიმალურად მაღალი ნდობა,”- განაცხადა 23 სექტემბერს თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ პროცესის ტრანსლაცია მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხმის დათვლის ცენტრიდან.

მანვე განმარტა, რომ საუბარი არის ოქმების სპეციალურ პროგრამაში შეყვანის პროცესის გაშუქებაზე: არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან ოქმები საოლქო სარჩევნო კომისიებში იგზავნება. საოლქო კომისიები ამ ოქმებს აჯამებენ და როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმები ცესკოში იგზავნება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ ოქმებს ოპერატორები სპეციალურ პროგრამაში შეიყვანენ.

“პარალეურ რეჟიმში მოხდება მონაცმეების შეყვანა და გადამოწმება იმიტომ, რომ თავიდან იყოს აცილებული ყველანაირი ადამიანური შეცდომა, რაც კი შეიძლება შეყვანისას მექანიკურად იყოს დაშვებული – ეს იქნება მაქსიმალურად გამორიცხული, რაც კეთდება კიდეც ყოველთვის. აქ სიახლე არის ის, რომ ეს იქნება გაშუქებული,”- განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ეს საპილოტე პროექტია და პირველად ხორციელდება. მანვე გამარტა, რომ დამატებით ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად, კამერებისა და ოპერატორების განლაგებას, საზოგადოებას მოგვაინებით აცნობებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი