ახალი ამბები

“თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

22 სექტემბერი, 2016 • 1115
“თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო პროგრამა წარადგინეს

ირაკლი ალასანიას გუნდმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. “თავისუფალმა დემოკრატებმა” იმ გეგმების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორიცელებს.

ალასანიამ ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი განცხადებით, პარტია ორიენტირებული იქნება იმ პროდუქციის რეალიზებაზე, რაც საქართველოში შეიქმნება. ალასანია ფერმერთა გადამზადების მიზნით სასწავლო პროგრამების ამოქმედებასაც აანონსებს. პარტიის სოფლის მეურნეობის სტრატეგია ითვალისწინებს მეურნეობაში ჩართული ტექნიკის გადაიარაღებასა და მოდერნიზებასაც.

“გლეხს მიეცემა საშუალება აწარმოოს პროდუქცია, რომელიც დაცული იქნება ჩვენს ბაზარზე. სეზონურად დავიცავთ ბაზარს იმ პროდუქციის შემოსვლისგან, რომელსაც საქართველოში ვაწარმოებთ,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, გუნდის ლიდერი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა სოციალურად დაუცველი ფენის მხარდაჭერის გარანტი გახდება. “დემოკრატები” 2018 წლიდან პენსიის 300 ლარამდე ზრდას გეგმავენ.

ალასანიას განცხადებით, დაიხვეწება ჯანდაცვის პოლიტიკა და რეფორმირდება საგანმანათლებლო სისტემაც, რის საშუალებასაც მისი საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმი იძლევა.

პარტიის წევრთა განცხადებით, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა, მინიმალური ხელფასის არსებობა და ამ კუთხით რეგულაციების დახვეწა. პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მინიმალურ ხელფასად 500 ლარს დააწესებს.

“თავისუფალი დემოკრატები” ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ გადაიხედოს საბანკო სექტორის საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი