ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიების მთავარი გზავნილები საარჩევნო რეკლამებში

7 ოქტომბერი, 2016 • 3550
პოლიტიკური პარტიების მთავარი გზავნილები საარჩევნო რეკლამებში

რას ითხოვს ამომრჩეველი საარჩევნო სუბიექტებისგან და რამდენად შეესაბამება ამ მოთხოვნებს პარტიების საარჩევნო დაპირებები, რასაც ისინი სარეკლამო კლიპებში ასახავენ? – “ნეტგაზეთი” გაეცნო ცხრა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეკლამებს და შეფასებები სთხოვა სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს.

რეკლამები – სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აქცენტით

NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის ეროვნული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა/ ინფლაცია და სიღარიბე.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეკლამები წელს შეიძლება გარკვეული ნიშნებით დავაჯგუფოთ და მათ შორის ერთ-ერთია სოციალური პრობლემების მოგვარების დაპირებების შესახებ კლიპები. ასეთი კლიპები გათვლილია მოსახლეობის ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, უმუშევრები და ა.შ.

[gray_box]თავისუფალი დემოკრატები-აირჩიე უკეთესი[/gray_box]

“თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო რეკლამა მოიცავს პარტიის მთავარ დაპირებებს, ესაა 300-ლარიანი პენსია და 500-ლარიანი მინიმალური ხელფასი. პარტიის საარჩევნო კლიპი პირველივე წამებიდან აშარჟებს საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში დამკვიდრებულ წინასაარჩევნო ესთეტიკას. ვიდეო ბუნების ხედით იწყება, რომელსაც ცვლის პოლიტიკოსების კადრები- ქარხანაში, ბავშვებთან, მშენებლობაზე, მხიარული მუსიკის ფონზე… “ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი საარჩევნო რეკლამა”- ამბობს ირაკლი ალასანია, თუმცა, მისივე თქმით, სათქმელის მარტივად გადმოცემას ამჯობინებს.

[yellow_box]დავით თარხან მოურავი – ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი[/yellow_box]

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კლიპში ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი საუბრობენ. თარხან-მოურავი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 4 000 ოჯახს ბინების ჩუქებას ჰპირდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 % უნდა გამოიყოს. ინაშვილი კი საშუალო შემოსავლის ოჯახის ბინების შეძენას გრძელვადიანი, 30-40- წლიანი განვადებით შეძენის შესაძლებლობას ჰპირდება. საარჩევნო რგოლში საუბარია პენსიებზეც. თარხან-მოურავი აცხადებს, რომ პენსია 220 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და ასევე საპენსიო ასაკი, როგორც კაცებისთვის, ისე “მანდილოსნებისთვის” უნდა დაიწიოს.

რეკლამები – დასავლური ღირებულებების დაცვაზე აქცენტით

ამ ქვეჯგუფში იაგო კაჭკაჭიშვილი “რესპუბლიკური პარტიის” კლიპს გამოყოფს.

[blue_box]რესპუბლიკური პარტია-გავთავისუფლდეთ[/blue_box]

რესპუბლიკური პარტიის რეკლამაში პარტიის ლიდერი ქალები საუბრობენ, რომლებიც ამომრჩევლებს იმ საკითხებზე ესაუბრებიან, რომლებიც, პარტიის აზრით, მათ და საზოგადოებას ერთნაირად ადარდებთ -შვილების მომავალი, რუსული ოკუპაცია, მკაცრი ნარკოპოლიტიკა, დისკრიმინაცია და საბჭოთა მემკვიდრეობა. “გავთავისუფლდეთ დისკრიმინაციისაგან, გავთავისუფლდეთ სუკის მეთოდებისაგან”, ამბობენ პარტიის ლიდერები.

“ეს რეკლამა ორიენტირებულია იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა ვცეთ პატივი. რეკლამაში საუბარია ე.წ. ნეგატიურ თავისუფლებაზე, რა არ გვინდა, რისგან უნდა გავთავისუფლდეთ.  ჩემი აზრით, ეს ცოტა წამგებიანია პოლიტიკური რეკლამის თვალსაზრისით: არ არის პოზიტიური თავისუფლების პროპაგანდა, რა გვინდა –  ამაზე პირდაპირი და აშკარა აქცენტი არ არის. არ გვინდა ავტორიტაზრიზმი, მაგრამ რა გვინდა? კი, იგულისხმება, რომ დემოკრატია გვინდა, მაგრამ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლების გაგება. ერთი აკეთებს იმაზე აქცენტირებას, რა არ გვინდა, და თუ რესპუბლიკელების ტერმინს გამოვიყენებთ, რისგან  უნდა გავთავისუფლდეთ,  და პოზიტიური თავისუფლება – რა გვინდა, ჩემი აზრით, ასევე, კარგი იქნებოდა იმაზე საუბარი უფრო ღიად და პირდაპირ,” – აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.

აქცენტი ნაციონალისტური ღირებულებების დაცვაზე

ამ ქვეჯგუფში იაგო კაჭკაჭიშვილი აერთიანებს  “მრეწველების”, “ლეიბორისტული პარტიის” და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კლიპებს.

თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო

ვიდეოში თოფაძე ახლო ხედით ესაუბრება ამომრჩეველს და ეუბნება, რომ ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კულტურის, თვითმყოფადობის, ისტორიის და სარწმუნოების შენარჩუნებას შეძლებს.

[yellow_box]ლეიბორისტული პარტია -დაიბრუნე ის, რაც შენია[/yellow_box]

“ლეიბორისტული პარტია” ამომრჩეველს ახსენებს, რომ მიწა, რომელიც მისმა წინაპარმა დაუტოვა, მისია, მაგრამ მისივე დუმილის გამო გაპარტახდა და გასხვისდა. ეს ბრძოლა შენია- ესაა სლოგანი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო კლიპის მთავარი მესიჯია.

სადავო გახდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით,  ქსენოფობიური შინაარსისაა, მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს არღვევს. ვიდეორგოლში “პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად”. შემდეგ კი ამის გასაპროტესტებლად პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს.

პარტიის ლიდერზე კონცენტრირებული რეკლამები

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ასეთია “დემოკრატიული მოძრაობის” საარჩევნო კლიპი, რომელიც გვაჩვენებს მისი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ პროფილს, რომ ის არის გამორჩეული პოლიტიკოსი, დიდი გამოცდილებით და კავშირებით.

[blue_box]ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკა[/blue_box]

პარტიის საარჩევნო კლიპი მთლიანად ნინო ბურჯანაძეზე, “მის გამოცდილბასა და ცოდნაზეა ორიენტირებული”. ბურჯანაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ საკუთარ კავშირებს საქართველოს წარმატებისთვის გამოიყენებს. ვიდეორგოლში ამომრჩევლებს ახსენებენ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც ბურჯანაძე წარსულში შეხვედრია, მათ შორისაა, ჯორჯ ბუში, მარგარეტ ტეტჩერი, კონდოლიზა რაისი, ვლადიმერ პუტინი და სხვა ლიდერები. ვიდეოკლიპში ვხედავთ ბურჯანაძის გაეროში, ევროპარლამენტში, დუმაში  გამოსვლის დროს გადაღებულ კადრებს. ბურჯანაძეს არც ეკლესია ავიწყდება და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან ერთად ეკლესიაში გადაღებული კადრებიც ჩანს ვიდეორგოლში. იგი ამომრჩეველს ქვეყნის გამთლიანებას, კეთილდღეობას და ეკონომიკური განვითარებას ჰპირდება.

პარტიამ ასევე თემატურად დაამზადა საარჩევნო კლიპები, სადაც ბურჯანაძე ამომრჩეველს უბლოკო სტატუსზე, განათლების სისტემაზე, ჯანდაცვაზე და სხვა საკითხებზე ესაუბრება.

“მონანიებაზე ორიენტირებულ პოლიტიკური რეკლამა”

ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კლიპს, რომელიც, მისი თქმით, ორიენტირებულია იმ საყვედურების განეიტრალებაზე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ისმის და რის გამოც ამ პარტიამ  პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება დათმო.

[red_box]ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის[/red_box]

პარტიის წინასაარჩევნო კლიპში ახალი სახეები: ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე და გიორგი ტუღუში პირობას დებენ, რომ მათი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვევაში სასამართლო დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას უზურნველყოფენ. პარტიის დაპირებებში ეკონომიკური განვითარება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და მოქალქეების უფლებების დაცვა ფიგურირებს. კანდიდატები ამომრჩევლებს ტელევიზორებიდან, სმარტფონებიდან და სხვადასხვა გაჯეტებიდან ესაუბრებიან. 

“პარტიამ აირჩია სტრატეგია, რომელიც მათი სახელისუფლებო მოღვაწეობის უარყოფით მხარეზე აქცენტირებს, რაც მუდმივად ხაზგასმულია ამომრჩევლის მიერ. ეს, რასაკვირველია, არ არის მონანიება, მაგრამ ეს თითქოს ამ საყვედურების განეიტრალებაა მომავალი დაპირებების და საქმიანობის ხარჯზე. ამასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს იმ წარმატებებზე, რაც გაუკეთებია, მაგრამ აქცენტირებს იმაზე, რომ რის გამოც გადაგვირჩიეთ, იმას გამოვასწორებთ”,- ამბობს კაჭკაჭიშვილი.

სარეკლამო კლიპები კონკრეტული დაპირებების გარეშე

“ეს კლიპი კონკრეტულად არაფერზე არაა ორიენტირებული, არც სოციალურ დაპირებებზე, არც ღირებულებეზე, ეს არის “ბედნიერ, გაბრწყინებულ საქართველოზე”. პოლიტიკური რეკლამა, რომელიც “გაბრწყინებული საქართველოს” იდეითაა შთაგონებული”,- ასე აფასებს მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” რეკლამას იაგო კაჭკაჭიშვილი.

[blue_box]ქართული ოცნება-თავისუფლება, სწრაფი განვითარება, ხალხის კეთილდღეობა[/blue_box]

მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კლიპი მთლიანად მუსიკალურია. მურმან ლებანიძის ლექსისთვის “ჩემო საქართველო” დაწერილი სიმღერა, რომელსაც ადრე გოგი დოლიძე ასრულებდა, პარტიამ გაათანამედროვა. მუსიკალურ ვიდეოში საქართველოს სხვადახვა ნაწილს დრონით იღებენ, კადრებში ხვდება როგორც ბუნებრივი ლანდშაფტი, ისე ადამიანები, ვიდეორგოლი კი “ქართული ოცნების”ძველი და ახალი სახეებით, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის მონაწილეობით სრულდება.

იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, ეს არის ზოგადი მაჟორული განწყობის შემქმნელი რეკლამა, რომ მმართველი პარტია არის ძალა, რომელიც საოცნებო საქართველოს აშენებს.

[blue_box]ეროვნული ფორუმი[/blue_box]

არავითარი საარჩევნო დაპირება არაა “ეროვნული ფორუმის” საარჩევნო კლიპში, პარტია მთლიანად კონცენტრირდება თავიანთ საარჩევნო ნომერზე და ამომრჩევლებს ახსენებს მათი აზრით იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 26 რიცხვში სხვადასხვა დროს მოხდა, მაგალითად, საქართველოს რესპუბლიკის დაფუძნებას, მერაბ კოსტავას, მამა გაბრიელის დაბადებას და ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას.

პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის

პაატა ბურჭულაძე ამომრჩეველს ახსენებს, რომ საქველმოქმდო ფონდის მეშვეობით ბევრ ადამიანს დაეხმარა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაშია, ფონდს ყველასთვის დასახმარებელი რესურსი არ გააჩნია. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. ბურჭულაძე ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, “რათა ხელიდან არ გაუშვან” მათი  მომავალი.


იაგო კაჭკაშივილის შეფასებით, სოციალური დაპირებები ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ რეალურ პრობლემებს, თუმცა:

“მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა არჩევნებში, რაც კი პოსტსაბჭოთა საქართველოში ჩატარებულა, წამყვანი თემა იყო სოციალური დაპირებები, რომლებიც შემდეგ არ ახდენილა. აუხდენელი სოციალური დაპირებების გამოცდილებაც აქვს ჩვენ საზოგადოებას დაგროვებული. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რეკლამა განსაკუთრებით პოზიტიურად მუშაობს და ახდენს ამომრჩევლების რეკრუტირებას და ძალიან ეფექტურია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი