ახალი ამბები

პროკურატურამ 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენა ბრალი

22 სექტემბერი, 2016 • 1951
პროკურატურამ 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენა ბრალი

მთავარი პროკურატურის ცნობით,  უწყებამ 26 მაისის საქმეზე გამოიტანა დადგენილება შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის ბრალდების შესახებ.

გიორგი ლორთქიფანიძის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება პროკურატურამ დაუსწრებლად გამოიტანა. ლორთქიფანიძე პროკურატირაში დღეს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე არის დაბარებული.

“2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება შს ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა  და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია.  სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

ვინაიდან გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბრალდების წარდგენის მიზნით იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში 2016 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე.

ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ. ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.ლორთქიფანიძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ლორთქიფანიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

20 სექტემბერს პროკურატურამ ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სხვა მაღალჩინოსნები: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი