ახალი ამბები

ამომრჩეველთა პირადი ინფორმაციის მოგროვება და სხვა წინაასაარჩევნო დარღვევები

21 სექტემბერი, 2016 • 1134
ამომრჩეველთა პირადი ინფორმაციის მოგროვება და სხვა წინაასაარჩევნო დარღვევები

ამომრჩეველთა შესახებ უკანონოდ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, მათი შესაძლო მოსყიდვა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის”აქტივისტების მიერ “ქართული ოცნების” მჟორიტარობის კანდიდატის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ საქმეში სხვადასხვა პარტიაა ჩართული, მათ შორის მმართველი პარტია “ქართული ოცნება”. ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს და ლტოლვილებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ამგვარ ინფორმაციას არ გასცემენ, ან სოციალურ დახმარებას, ან ლტოლვილის სტატუსს დაკარგავენ, შესაბამისად, პირადი ინფორმაციის  გაცემაზე უარს ვერ ამბობენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მოქალაქეებს განუმარტავს, რომ  მათ უფლება აქვთ, არ გასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემები, ხოლო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება, აიძულონ ამგვარი ინფორმაციის გაცემა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საია” მიმართავს პერსონალური დაცვის ინსპექტორსაც, არ დაუშვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა და ინსპექტორის საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები.  ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აკონკრეტებს, რომ პერსონალური დაცვის ინსპექტორის აპარატს მიაწვდიან კონკრეტული შემთხვევების შესახებ ინფორმაციას, როგორც თბილისის, ისე რეგიონების  მასშტაბით.

კიდევ ერთი წინასაარჩევნო დარღვევა, რომელზეც საიას ხელმძღვანელმა ისაუბრა, სამეგრელოს უკავშირდება, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა ერთ-ერთი ა(ა)იპ სამსახურის ყველა თანამშრომელს  2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 10-10 მხარდამჭერი ამომრჩევლის მიყვანა, ხოლო მანამდე კი ამ ადამიანების პარადობის მოწმობების ასლების მიტანა  დაავალა. ანა ნაცვლიშვილი თავს იკავებს დააკონკრეტოს, როგორც თვითმართველობის წარმომადგენელის ვინაობა, ისე აიპ სამსახური.

ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შემთხვევები:

13 სექტემბერს გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა გორში,  შინდისის გზატკეცილზე მდებარე  №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს – ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა ნოზაძემ პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.

18 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ხარჩილავას დაფინანსებით და ამავე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, ქალაქ ფოთში  „ფერების ფესტივალი“ ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა კანდიდატის სააგიტაციო ფეისბუკ გვერდზეც გავრცელდა. ფესტივალზე ფერადი ფხვნილები გაიცემოდა უფასოდ და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მსურველისთვის. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც სრულწლოვანი, ისე – არასრულწლოვანი ადამიანები. ღონისძიების ორგანიზატორებს (მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის – ოთარ ხარჩილავას ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს) ეცვათ სააგიტაციო მაისურები. ღონისძიებაში მონაწილეობდა თავად კანდიდატი.

რამდენიმე დღეა ფოთის ქუჩებში ვრცელდება ფლაერები, რომელთა მიხედვითაც, პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის – ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთა“ იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ეროვნული ფორუმი“ ხარჯებს სრულად  ფარავს.

საია  მოუწოდებს აუდიტის სამსახურსა და საარჩევნო ადმინისტრაციას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.


ანა ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებაც, რომლის თანახმად,  19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“  აქტივისტები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შევიდნენ.

კობახიძის თქმით, შესული პირებიდან ორი  წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეოგადაღება იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. იმავე დღეს აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სევდია უგრეხელიძემ უპასუხა და კობახიძის განცხადება ცრუ ბრალდებად შეაფასა. სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პირები შტაბიდან დათხოვნილ წევრებს წარმოადგენდნენ და ქმედების ჩადენის დროისთვის მათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდათ.

მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების, – 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი რეაგირება და საჭიროა, დაწყებასთან ერთად გამოძიება ეფექტურად და მოკლე დროში ჩატარდეს, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა საქმე იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტარების მუხლს ეხება, რაც სამართლებრივი პრაქტიკით რთულად გამოსაძიებელი საქმე არაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი