ახალი ამბები

სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ “ოცნების” ოფისში პროვოკაცია “შემოგზავნილმა წევრებმა” დაგეგმეს

19 სექტემბერი, 2016 • 2249
სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ “ოცნების” ოფისში პროვოკაცია “შემოგზავნილმა წევრებმა” დაგეგმეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ქართული ოცნების ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.

„ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა. მე, რა თქმა უნდა, ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არაფერი აკავშირებდათ. რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად, არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული”, – აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ქართული ოცნების” ოფისში მათ მაისურებში გადაცმული და შეიარაღებული ენმ-ის წევრების შესვლის ბრალდებაზე გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  ამ მუხლის თანახმად,  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, აგრეთვე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის,  ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში “ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული სამი პირი შევიდა, რომელთაგან ორს თან პისტოლეტი ჰქონდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პირებს  იარაღი გაფორმებული ჰქონდათ:

“ორ მათგანს ეცვა “ქართული ოცნების” მაისური და ქამარში ჩადებული ჰქონდათ პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან.  პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და მერე ტელევიზიით იმის ჩვენება, რომ თურმე “ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან  შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები”, – განაცხადა კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი