ახალი ამბები

უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს მოსამართლეს დღეს აირჩევს

20 სექტემბერი, 2016 • 1292
უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციოს მოსამართლეს დღეს აირჩევს

დღეს, 20 სექტემბერს უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს. პლენუმის სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცის თავად უზენაესი სასამართლო ავრცელებს. კერძოდ, როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე არის აღნიშნული, დღეს გაიმართება პლენუმის სხდომა, დღის წესრიგით კი მხოლოდ ერთი საკითხი – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა არის გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ შეიძლება თეიმურაზ ტუღუში აირჩიოს. ტუღუში საკონსტიუციო სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, იგი დღეს უზენაეს სასამართლოში მივიდა.

თეიმურაზ ტუღუშის განცხადებით, იგი შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობის შესრულებას.

“როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ოდნავ ეჭვი, რომ მე არ შემიძლია, გპირდებით, რომ არ ვიქნები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაგრამ ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს არ არის ის სიტყვები, რომ რაღაც მეჩვენებოდეს. მიმუშავია, ვიცი, რა მიკეთებია და რა უნდა ვაკეთო მომავალში. ვიცი, რა მიღწევები აქვს სასამართლოს, რა გამოწვევები აქვს და წარმომიდგენია, მომავალში რა შეიძლება იყოს კიდევ,”-განაცხადა ტუღუშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გატარებას, ტუღუში პასუხობს, რომ არავის ინტერესის გატარებას არ აპირებს:

“შემიძლია დავადასტურო, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, საქმიანობაც მაკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონ ლევან მურუსიძეს საერთოდ არ ვიცნობ. არავის ინტერესების გატარებას არ ვაპირებ, არც ბატონი ლევანის და არც სხვისი. ასეთი დაუსაბუთეელი ბრალდებები ყველას მიმართ შეიძლება გაჟღერდეს, რომ ვიღაცა ვიღაცის ინტერესებს გაატარებს,”- განაცხადა უზენაეს სასამართლოში შესვლამდე თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათგან ორის – კონსტანტინე ვარძელაშვილისა და გიორგი პაპუაშვილის შემცვლელები პრეზიდენტმა საკუარი კვოტით უკვე დანიშნა. ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე მოვალეობის შესრულებას 30 სექტემბრიდან შეუდგებიან.

უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნული ოთარ სიჭინავას შემცვლელი 20 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ უნდა აირჩიოს, პარლამენტის მიერ დანიშნული ქეთევან ერემაძის შემცვლელი – საქართველოს პარლამენტმა.

არ არის ცნობილი, მოახერხებენ თუ არა 30 სექტემბრამდე მოსამართლეები რუსთავი 2-ის საქმეზე, რომელზეც არსებითი განხილვა უკვე დასრულებულია, გადაწყვეტილების გამოცხადებას. თუ ვერ მოესწრება, მაშინ ახალი შემადგენლობა საქმის განხილვას თავიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი