ახალი ამბები

ელისაშვილი და ზურაბიშვილი პროკურატურას ხეების ჭრის საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

19 სექტემბერი, 2016 • 1857
ელისაშვილი და ზურაბიშვილი პროკურატურას ხეების ჭრის საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

დავით ზურაბიშვილი და ალეკო ელისაშვილი ყაზბეგის გამზირზე საღი ხეების ჭრის საქმის გამოძიების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ყაზბეგის გამზირზე საღი ხეების გაჩეხვიდან ერთი თვეა გასული, თუმცა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია:

“დღეს არის 19 სექტემბერი. თვე და ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხეები მოჭრეს ყაზბეგის გამზირზე. 17 აგვისტოს დილით მოჭრეს საღსალამათი ხეები ყაზბეგის #22-ში. ამის შემდეგ გვახსოვს, რომ თბილისის მერს არ ეყო გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ ეთქვა, რა მოხდა იქ სინამდვილეში: ვინ დააშავა და ვისი ბრალი იყო? შესაბამისად, საჭირო გადაწყვეტილებებიც ვერ მიიღო და ყველაფერი თავის თავზე აიღო პროკურატურამ. ერთი თვეა პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და სინამდვილეში არაფერს იძიებს.”

ალეკო ელისაშვილი, რომელიც ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარია დედაქალაქის საკრებულოში, პროკურატურას სამ კითხვას უსვამს:

  1. იყო თუ არა ის ხეები გამხმარი, რა დაადგინა პროკურატურამ?
  2. იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი ამ ხეების მოჭრის დროს?
  3. თუ დანაშაული იყო ჩადენილი, ვინ იყო დამნაშავე და როგორ უნდა აგოს პასუხი?

მესამე შეკითხვას ელისაშვილი თავად პასუხობს და ამბობს, რომ თბილისში მცხოვრებ ყველა ნორმალურ მოქალაქეს მიაჩნია, რომ დანაშაული იყო ჩადენილი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ ცენტრალურ საბურთალოზეა წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად, აცხადებს, რომ ეს საქმე არ იყო რთულად გამოსაძიებელი. მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველამ ერთად უნდა მოსთხოვონ პასუხი ხელისუფლებას, მერიას და პროკურატურას.

“დღეს თქვენ წინაშე ვარ არა მხოლოდ საკრებულოს წევრი, მე ასევე ცენტრალურ საბურთალოზე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ეს ის სივრცეა, სადაც მე კამპანიას ვაწარმოებ. გასულ თვეს, გახსოვთ, რა ამბავი მოყვა ხეების მოჭრის აღმაშფოთებელ ფაქტს. ფაქტი, რომ ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და აქამდე არაფერი ხდება ამის თაობაზე, აღძრავს ძალიან სერიოზულ ეჭვებს და აჩენს ბევრ შეკითხვებს, მათ შორის, ხელისუფლების, მერიისა და პროკურატურის მიმართ. არა მგონია, რომ ეს ძნელად გამოსაძიებელი ამბავი ყოფილიყო. ერთი თვის მანძილზე ვერ დადგინდა, იყო თუ არა დანაშაული და თუ იყო, მაშინ ვინ არის დამნაშავე. მოკლედ, არაფერი დადგინდა და არის ეჭვი, რომ შეგნებულად იწელება… ეს არის ის ფაქტი, ალბათ, რის გამოც ყველამ ერთად უნდა მოვკითხოთ პასუხი პროკურატურასაც, მერიასაც და ხელისუფლებასაც,” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით ყაზბეგის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებეს მშენებლობის გამო საღი ხეები 17 აგვისტოს გაჩეხეს. პარტიზანმა მებაღეებმა თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები იმავე დღეს დაიწყეს. გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გათავისუფლების მოთხოვნით ნატა ფერაძე და ელენე მალაშევსკი-ჯაყელი კვირაზე მეტხანს შიმშილობდნენ, თუმცა თბილისის მერია და გარემოს დამცველები საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი