ახალი ამბები

მეორე დედაქალაქი [Video]

27 მაისი, 2012 •
მეორე დედაქალაქი [Video]

“ვარდების რევოლუციის” მიზანი იყო, რომ დაგვემთავრებინა საქართველოს ცენტრად და პერიფერიებად დაყოფა. პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლით სრულდება საქართველოს დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდ. ჩვენ არ ვართ კუთხეებად დაყოფილი ქვეყანა. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო, ერთი საზოგადოება, სადაც ყველგან ცენტრია,” – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა, სადაც შემდეგი მოწვევის პარლამენტი შეუდგება საქმიანობას.

 

 

ქუთაისის საპარლამენტო და მეორე დედაქალაქად ქცევის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ეს დაპირება მან ქუთაისის ამომრჩეველს ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს მისცა.

 

სააკაშვილის თქმით, სწორედ ქუთაისიდან დაიწყო საუკუნეების წინ საქართველოს გაერთიანების პროცესი და ამ პარალელის გავლებით, იგი საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ ამჯერადაც იქნება შესაძლებელი ისტორიის გამეორება, აფხაზეთის დაბრუნება და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 

დეცენტრალიზაცია თუ პოლიტიკური ცენტრის შესუსტება

საქართველოს ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ დედაქალაქიდან, ანუ თბილისიდან სახელმწიფო უწყებების რეგიონებში გადატანის პროცესი, ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის პროცესს და რეგიონების თანაბარ განვითარებას.

 

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლა საქართველოს საკონსტიტუციო სამართლომ, ქუთაისში გადავიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, ასევე, ქუთაისში გადაინაცვლა, მხოლოდ ნაწილობრივ – საქართველოს კომტროლის პალატამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. 2012 წლის ბოლოს კი თბილისს დატოვებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც.

 

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პოლიტიკა არ ემსახურება რეალურ დეცენტრალიზაციას, რომელიც ადგილებზე თვითმმართველობების გაძლიერებაში გამოიხატება და მისი ერთადერთი მიზანია თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა.

 

რატომ ქუთაისი?

საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა საკითხზე პროტესტის გამოხატვის ძირითად ადგილს წარმოადგენდა თბილისში, რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც დღეს მოქმედი პარლამენტი მუშაობს.

 

მოხერხდება თუ არა ანალოგიურად აქტიური პოლიტიკური ცენტრის შექმნა პარლამენტის ახალ მისამართზე, ქუთაისში?

 

ქუთაისი წერეთლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის კოორდინატორის ვასილ ფერაძის თქმით, ქუთაისი დიდი პოლიტიკური აქტივობით არასდროს გამოირჩეოდა, მათ შორის არც 1990-ანი წლების ეროვნული მოძრაობის და არც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს. ფერაძე ამბობს, რომ ქუთაისის მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებაში ძლიერადაა ფესვგადგმული დამოკიდებულება – “ჩვენ გასაკეთებელს სხვა გააკეთებს”.

 

სხვაგვარად ხსნის ქუთაისის დაბალი პოლიტიკური აქტივობის მიზეზს საქართველოს ისტორიის სპეციალისტი სულხან კუპრაშვილი:

 

“ქუთაისის დასუსტების მიზეზი თბილისის სიძლიერეში უნდა ვეძებოთ. პირველი სისხლის გადასხმა თბილისის ადამიანური რესურსით გამდიდრების კუთხით ქუთაისიდან მოხდა. ინტელექტის გადინება მოხდა. დღესაც, კარგი ქუთაისელი აბიტურიენტი ცდილობს თბილისში წასვლას და სწავლის იქ გაგრძელებას. აქტიური ნაწილი ტოვებს ქალაქს”.

 

რას მოუტანს ქუთაისს პარლამენტი?

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, პარლამენტის გადატანა ხელს შეუწყობს ქუთაისელების ყველაზე მწვავე – დასაქმების პრობლემის მოგვარებას. ეს პრობლემა ქუთაისელებისთვის აქილევსის ქუსლად რჩება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ქალაქში მოქმედი გიგანტი ქარხნები ერთდროულად გაჩერდნენ.

 

საბჭოთა კავშირის პერიოდში “კომუნისტურმა რეჟიმმა” ქუთაისს მიანიჭა ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი:

 

“ეს იყო თავს მოხვეული მოსაზრება მთელი საქართველოსთვის იმისათვის, რომ  საბჭოთა კავშირი  არ დაშლილიყო. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, შრომის სოციალისტურ დანაწილებას ითვალისწინებდა. მაგალითად, ქუთაისში იყო საავტომობილო ქარხანა, ვლადივასტოკში კი, აქედან 15 000 კილომეტრის მოშორებით, ამზადებდნენ დეტალს, რომელიც ქუთაისში რომ არ ჩამოსულიყო, მანქანა ქარხნიდან ვერ გამოვიდოდა. ეს იყო ხელოვნურად შექმნილი იარლიყი, ინდუსტრიის მშენებელი არც ქუთაისი და არც საქართველო არ ყოფილა”, – ამბობს ვასილ ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“რატომ არ შეიძლებოდა ქუთაისი გამხდარიყო საუნივერსიტეტო ქალაქი? თავი რომ  დავანებოთ ინდუსტრიას, ქარხნებს და ფაბრიკებს,“ – აცხადებს ომარ ნიშნიანიძე, კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ქუთაისში.

 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ხელისუფლების დაპირება, რომ პარლამენტის გადატანა ხელს შეუწყობს უმუშევრობის პრობლების გადაჭრას ქუთაისში, არ ნიშნავს პირდაპირ პარლამენტში დასაქმებას, სადაც, ჯამში, 1000-მდე ადამიანი მუშაობს. ბობოხიძე ამბობს, რომ პარლამენტის კვალდაკვალ, ქუთაისში ოფისებს გახსნიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, რაც გამოიწვევს ქალაქში სასტუმროების ქსელის მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საბოლოო ჯამში, ინვესტორების დაინტერესებას.

 

ომარ ნიშნიანიძის თქმით, აზრი, რომ ეს ქუთაისის განვითარებისთვის კეთდება, არ შეესაბამება სიმართლეს:  

 

“ქვეყანა არ ვითარდება და ქუთაისი როგორ განვითარდება?! მათ ქვეყნის განვითარებას დაუსვეს წერტილი. როდესაც ქვეყანა განვითარდება, შემდეგ შეიძლება იმსჯელო, სად შეიძლება იყოს პოლიტიკური ცენტრი. ერთი კაცის გადაწყვეტილების მიხედვით არ უნდა წყდებოდეს. ეს სარაფერანდუმო საკითხია.”

 

ერთი კაცის გადაწყვეტილების ამბავი

 

მიხეილ სააკაშვილი პერიოდულად ღიად აცხადებს ხოლმე, რომ სწორედ მისი პირადი იდეების შესაბამისად ხდება სხვადასხვა სახის მშენებლობების განხორციელება. მაგალითად, როგორც თავად თქვა, თავიდან ბოლომდე მისი იდეა იყო ქუთაისში ე.წ. კოლხური შადრევნის დღეს არსებული დიზაინი.

 

ოფიციალურად, ამ დრომდე უცნობია, ვისი ბრძანებით იქნა აფეთქებული ქუთაისში 2009 წლის 19 დეკემბერს მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი – “დიდების მემორიალი”, რასაც დედა-შვილის, ეკა და ნინო ჯინჭარაძეების სიცოცხლე შეეწირა, ხოლო აფეთქებული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა აიგო.

 

პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის თქმით, 133 700 000 ლარი დაიხარჯა. პარლამენტი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros მიერ მომზადებული პროექტით აშენდა.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი