ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის გადმოსვლა გამოიწვევს ადგილზე პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისში ეკონომიკური და სოციალური პროცესების გააქტიურებას.
ქუთაისში პარლამენტის გადატანის ინიციატორი სწორედ აკაკი ბობოხიძეა, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა რამდენიმე წლის წინ ხელმოწერების შეგროვება ქალაქში, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის შესახებ.
იმის მიუხედევად, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისში ხელს შეუწყობს დასაქმების საკითხის მოგვარებას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ქუთაისისთვის, აკაკი ბობოხიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში მთლიანობაში 1000-მდე ადამიანი მუშაობს და, შესაბამისად, ეს დასაქმების პრობლემა ვერ მოაგვარებს ქუთაისში:
“მაგრამ ქუთაისში გადმოინაცვლებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას: საერთაშორისო ორგანიზაციებს დაჭირდება ოფისები, საჭირო იქნება სასტუმროები და, სამწუხაროდ, ქუთაისში დღეს მოქმედი სასტუმროები ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული დონის საერთაშორისო შეხვედრების გამართვა. ყველაფერი ეს მოვა პარლამენტის გადმოსვლთასთნ ერთად. სჯობდა, დაგვესწრო და ქუთაისი ამისთვის ყოფილიყო მზად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ პარლამენტი გადმოდის და მერე მოხდება ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,” – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
მისივე თქმით, ქუთაისით უკვე გამოხატეს დაინტერესება საინვესტიციო ჯგუფებმა პოლონეთიდან და საფრანგეთიდან, საიდანაც შესაბამისი დელეგაცია ქუთაისს უახლოეს პერიოდში ეწვევა.
ქუთაისში დღეს პარლამენტის საზეიმო, ერთჯერად სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები განახლდება. პარლამენტის გვერდით ადმინისტრაციისთვის მიმდინარეობს ცალკე შენობის მშენებლობა. ჯერ არ არის დაზუსტებული, სად აშენდება პარლამენტარებისთვის საცხოვრებელი კორპუსები. ამ დროისთვის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ორი ვარიანტი განიხილება – ქუთაისი ან წყალტუბო, რომელიც დაახლოების 12 კმ-ით არის დაშორებული საპარლამენტო დედაქალაქიდან.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, პარლამენტი მუშაობას სრულად ქუთაისში 2012 წლის დეკემბრიდან შეუდგება:
“ჯერ ოქტომბერში უნდა ჩატარდეს არჩევნები, შემდეგ უნდა მოხდეს შედეგების დათვლა, ყველა პროცედურის გავლა და ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ახალი პარლამენტი უკვე ქუთაისში დაიწყებს მუშაობას”.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტის სხდომას პარლამენტის წევრები სრული შემადგენლობით დაესწრებიან, ასევე, სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი მთავრობა. ხოლო მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“მე ძალიან მომწონს ახალი პარლამენტის შენობა, მაგრამ უფრო მეტად მომწონს იდეა, რომ თანაბრად განვითარდნენ საქართველოს რეგიონები,” – აცხადებს გია ხუროშვილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის სალომე მახარაძის თქმით, ქუთაისში დღევანდელი ღონისძიებების მთავარი ნაწილი სამხედრო აღლუმია, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. სამხედრო აღლუმში, სამინისტროს ცნობით, რამდენიმე ახალი, საქართველოში დამზადებული საბრძოლო საშუალება იქნება წარმოდგენილი.
ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის თქმით, ქუთაისი დღეს სრულ მზადყოფნაშია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ღონისძიებები კი საღამოს 9 საათზე კონცერტით დასრულდება, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და მთავრობის სახლში, სადაც მედიაცენტრი ფუნქციონირებს, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პერიმეტრზე უსაფრთხოებაზე შესაბამისი შემოწმების შემდეგ დაიშვებიან პირები.