ახალი ამბები

პარლამენტის წინ სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

26 მაისი, 2012 •
პარლამენტის წინ სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

ქუთაისში პარლამენტი დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიხსნება. 17:00 საათზე გაიმართება პარლამენტის საზეიმო სხდომა, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტის წინ სამხედრო აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს.

საქართველოს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნას აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე მოახსენებს.

 

პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმებიან.

 

სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი – ნიაზ დიასამიძე – „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში – „ხორუმი“ და ზუმბა სიმღერა „აფხაზეთო“. სახელმწიფო ჰიმნს ანა ხანჩალიანი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულებს.

 

სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულები საზეიმოდ დადებენ ფიცს. უმცროს ოფიცერთა ძირითადი კურსის 76 მსმენელი მუხლს მოიყრის და საჯაროდ დადებს ფიცს. ფიცის მიღების შემდეგ მათ მიენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“. ხვალიდან ისინი სამსახხურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გააგრძელებენ. 

 

შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისათვის და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

 

აღლუმის ხელმძღვანელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საზეიმო მსვლელობის დაწყების ბრძანებას გასცემს. ბრძანება გულისხმობს ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის გადაწყობას, მოძრაობის მიმართულებას და დისტანციის დაცვას. მედროშეები
პირდაპირ, დანარჩეენები კი მარჯვნისაკენ სწორებით დაიწყებენ მსვლელობას. სამხედრო მსვლელობას წელს პირველად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრთან ერთად, აკომპანიმენტს გაუწევს 5 მეგობარი ქვეყნის:ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ორკესტრები.

 

დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელი სამხედრო ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას და რა ტიპის შეიარაღება იქნება წარმოდგენილი აღლუმზე, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი მუშაობას ქუთაისში შეუდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი