ახალი ამბები

ენმ აცხადებს, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს გორში ხელი შეუშალეს

17 სექტემბერი, 2016 • 1045
ენმ აცხადებს, რომ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს გორში ხელი შეუშალეს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ მაჟორიტარობის კანდიდატს გორის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის დროს ხელი შეუშალეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტი სოფელ ფლავისმანში მოხდა:

“დაახლოებით 30-მდე პირი ცდილობდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და მისი მომხრეები არ შეეშვა სოფელში. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა- შემოხლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ერთი ხელით გვთავაზობს მემორანდუმს, მაგრამ, მეორე მხრივ, იქცევა სრულიად ველურად”.

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ინციდენტი დღეს, დაახლოებით 11-12 საათზე, მოხდა და მას მოგვიანებით მიეცა ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება. მისივე ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს არავინ დაშავებულა.

ბასიშვილის თქმით, მათ ინციდენტის ადგილას პოლიციაც გამოიძახეს, რომელიც ოდნავ დაგვიანებით მივიდა, თუმცა შემდეგ შუაში ჩადგა და ფიზიკური დაპირისპირებაც შეწყდა.

“ჩვენ არ წამოვეგეთ პროვოკაციას, რდაგანაც ჩვენს ინტერესში შედის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში”, – აცხადებს ბასიშვილი.

მისი თქმით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ სოფელში არ შეეშვათ ამომრჩეველთან შესახვედრად, იყვნენ საჯარო მოხელეებიც, თუმცა პირადად მათ არ იცნობდა. 

ბასიშვილი და  ნადირაშვილი ასახელებენ კონკრეტულ გვარებს და ისინი ხელისუფლებასთან ამ პირების კავშირზე მიუთითებენ.

ბასიშვილი ინციდენტის ამსახველ ფოტოსა და ვიდეოს მოწოდებას დაგვპირდა, რომელსაც მიღებისთანავე მოგაწვდით.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს  მოწოდებულ კომენტარში მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებაზე მიუთითებს: 

“პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.
გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრება არის და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული”. 

შსს აცხადებს, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი