ახალი ამბები

სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი დააკავეს

17 სექტემბერი, 2016 • 1199
სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი დააკავეს

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გორის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტის საზღვართან არასრულწლოვანი დააკავეს.

სუს- ის ცნობით არასრულწლოვანი საოკუპაციო ძალების წარმომადგენელებმა დააკავეს. სხვა კომენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხზე არ აკეთებს.

რუსმა სამხედროებმა 17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილი 16 სექტემბერს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც დაკავებულის დედამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, მისი შვილი სკოლაში სხვა სოფელში დადის და როცა სკოლიდან აღარ დაბრუნდა, მობილურზე დაკავშირება სცადეს.

“დაახლეობით 17.30 საათზე დავურეკეთ და უკვე რუსმა მილიციელებმა გვიპასუხეს და ბავშვის დაბადების თარიღი გვკითხეს. როგორც ჩან,ს გზა აერია, არ იცის, საზღვარი სად გადის”, – აცხადებს დაკავებულის დედა.

17 წლის ჯონი გოგიჩაიშვილის გარდა რუსმა სამხედროებმა მანამდე არაერთი საქართველოს მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. დამკვიდრებული პრაქტიკით ისინი დაკავებულებს ჯარიმას ახდევინებენ, შემდეგ კი ათავისუფლებენ. გარდა ამისა, რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოსავლის აღების შესაძლებლობას არ აძლევენ.

არასრულწლოვნის დაკავებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი