ახალი ამბები

ვანო ჩხარტიშვილის განცხადება

23 მაისი, 2012 • 1091
ვანო ჩხარტიშვილის განცხადება

„ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია – „მზერა“ დავაფუძნე. სახელწოდება შემთხვევით არ არის შერჩეული. „მზერა“ ერქვა ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო გამოშვებას. ეს ტელეკომპანია კი, სხვა არაერთი მედია-საშუალების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით იქნა მეპატრონეებისთვის წართმეული.


პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპანია „მზე“ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ- ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი.

მჯერა, რომ ტელეკომპანია „მზეს“ აუცილებლად დავიბრუნებ.  სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილია მსოფლიოს წამყვან იურისტებთან. ამავდროულად, მომზადებულია სარჩელი მოქალაქე სააკაშვილის წინააღმდეგ (საქმის დეტალებს, მისი კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვახმაურებთ).  დარწმუნებულები ვართ, რომ ობიექტური საერთაშორისო სასამართლო მას, ჩვენთვის მიყენებული ზარალისთვის, სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს, რომლისგან ამოღებული თანხა  ქართული თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება.  


ჩემი ამ გადაწყვეტილების გამო,  სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ნაციონალური არხებისა და მედიის მხრიდან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული ბინძური საინფორმაციო კამპანია ვერ გვაიძულებს უკანდახევას, რადგან თავისუფალი სიტყვის დეფიციტი და მედიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც საქართველოში ხელს უშლის რეალური დემოკრატიის დამკვიდრებას, თითოეული ჩვენგანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.


  სანამ ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცესი ლოგიკურ  დასასრულამდე მივა, მანამდე, „მზერა“ დაიწყებს  საქმიანობას და იგი იქნება საკუთარი სარედაქციო ღირებულებების ერთგული, განურჩევლად იმის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა საქართველოს ხელისუფლებაში. „მზერის“ სარედაქციო ფასეულობები იქნება დამყარებული აღიარებულ საერთაშორისო ნორმებზე:  მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ფაქტების სიზუსტე.

ჩემთვის სამაგალითოა ბრიტანეთი თავისი ჟურნალისტური ტრადიციებით. საქართველოში კი ქართული მედია-სივრცე ძირითადად პოლიტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არა აქვს საშუალება მიიღოს მრავალმხრივი, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი, განსხვავებით, ამ თვალსაზრისით სამაგალითო  BBC -ისგან, თავის ფუნქციას არ ასრულებს, რომ არაფერი ვთქვათ ხელისუფლების მიერ მონოპოლიზებულ ტელე-სივრცესა და ნაციონალურ მაუწყებლებზე. ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოება და თავისუფალი მედია შეძლებს  სიტყვის თავისუფლება წარმატებული დემოკრატიის მთავარ ინსტრუმენტად აქციოს. საერთაშორისო მაუწყებელი „მზერა“ და პირადად მე ამაში საკუთარ  წვლილს შევიტანთ.

ივანე ჩხარტიშვილი
ლონდონი 22 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი