ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟირინოვსკის განცხადებას, აფხაზეთის კრასნოდარის მხარეში შეყვანაზე, აფხაზური მხარე პასუხობს

15 სექტემბერი, 2016 • 1918
ჟირინოვსკის განცხადებას, აფხაზეთის კრასნოდარის მხარეში შეყვანაზე, აფხაზური მხარე პასუხობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის კომენტარს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ აფხაზეთი კრასნოდარის მხარეში რაიონის სტატუსით უნდა შევიდეს.

“სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დემოკრატიული პარტიის ლიდერის მსგავსი გამონათქვამები, სამწუხაროდ, პირველად არ ჩნდება. გვიწევს შევახსენოთ ვ.ჟირინოვსკის, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. სამოკავშირეო ურთიერთობები აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორივე ქვეყნის ინტერესებზეა დაფუძნებული, პირველ რიგში, ეს უსაფრთხოების სფეროს ეხება.

დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზურ-რუსული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და მსგავსი, უკიდურესად არამეგობრული გამოხტომები აფხაზეთის რესპუბლიკის მისამართით, ჩვენს ქვეყნებს შორის ინტენსიურად განვითარებად მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს”.

მოსკოვში 2016 წლის 14 სექტემბერს გამართულ ვლადიმერ ჟირინოვსკის პრესკონფერენციაზე ქართული მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია აფხაზეთისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანხების გამოყოფა და რას ფიქრობს ზოგადად ამ საკითხზე, პარტიის ლიდერი პასუხობს:

“ჩვენი პარტიის პოზიციაა, არავის დავეხმაროთ. პარტიის პოზიციაა, არანაირი რესპუბლიკა არსად. ჩვენ ამის მოწინააღმდეგე ვართ. ეს ყველაფერი საბჭოთა სისტემის ნაყოფია. ჯერ იყო და საქართველოში შერეკეს აფხაზები, ჩვენ მოვწყვიტეთ ისინი საქართველოსგან. მერე სამხრეთ ოსეთი ცალკე იყო და საქართველოში შერეკეს. ეს ყველაფერი ლენინიდან ბრეჟნევამდე გაკეთდა და ხალხი დღეს იტანჯება. ამიტომაც წინააღმდეგი ვართ, ვინმეს დავეხმაროთ. ყველა არაღიარებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ერთი პოზიცია გვაქვს, შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რაიონის სახით. აი, აფხაზეთი იქნება აფხაზეთის რაიონი კრასნოდარის მხარის. სამხრეთ ოსეთი- ჩრდილოეთ ოსეთის ნაწილი. სხვა მხრივ, უზრუნველყო ყველა ეს ტერიტორია მთელ მსოფლიოში, ზედმეტი თავის ტკივილია. ან თავისით განვითარდნენ, ან რუსეთის შემადგენლობაში შემოვიდნენ, ან სხვა რომელიმე რეგიონში დაბრუნდნენ”, – განაცხადა ჟირინოვკიმ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი