საარჩევნო ბლოკის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის” წევრმა, გიორგი პაპავამ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში იცოდნენ იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამია ესაუბრა პაატა ბურჭულაძეს მის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
“ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საუბარი შედგა ნამდვილად. დეტალები, ყველა სიტყვა არ ვიცოდით, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა და ძირითადად თემა, რაზეც იყო საუბარი, ლაპარაკი, ეს ვიცოდით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პოსტი, რომელზეც მანდ არის საუბარი. იქ ნიკა გვარამიას ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ საკითხზე დაუკავშირდებოდა და გაესაუბრებოდა პაატა ბურჭულაძეს. მანდ დასამალი არაფერი იყო,”- ამბობს გიორგი პაპავა.
რაც შეეხება ვახტანგ მეგრელიშვილის პოზიციას ქართულ ოცნებასთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, პაპავა ამბობს, რომ როგორც გირჩს, ასევე მთლიანად ბლოკს, საერთო პოზიცია აქვს.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ცვლილებები, რომლის გატარებასაც ვაპირებთ, კონკრეტული რეფორმები. ამ რეფორმების გატარებისთვის ჩვენ ვითანამშრომლებთ თითოეულ ადამიანთან პარლამენტში იმისთვის, რომ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვინდა, გატარდეს, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და რეალურად გატარდეს. რაც შეეხება კოალიციის შექმნას, ჩვენ არავისთან არ ვგეგმავთ კოალიციის შექმნას. ეს არის როგორც ბლოკის, ასევე გირჩის პოზიცია. ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ერთადერთი ძალა საქართველოში, ვისაც შეუძლია ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს და ვინც ამაში მხარს დაგვიჭერს პარლამენტში, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ. მაგალითად, ვინც გადასახადებს შეამცირებს ისე, როგორც ჩვენ ფიქრობთ, რომ უნდა შემცირდეს, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს. ვინც ჩათვლის, რომ საქართველოში არ არის საჭირო 18 სამინისტრო და ათიც კი არ არის საჭირო, მათთთან ვითარანშრომლებთ,”- განგვიცხადა მან.
კითხვაზე, მაშინ რატომ აღმოჩნდა პაატა ბურჭულაძისთვის მოულოდნელი იმ ინფორმაციის მიღება, რაც გვარამიამ მიაწოდა, პაპავა შემდეგ პასუხს გვცემს:
“გვარამიასგან მან მიიღო ინფორმაცია, სადაც თითქოს ჩვენი პარტია და მათ შორის ჩემზეც იყო საუბარი, თითქოს ჩვენ ვაპირებთ, კოალიცია შევქმნათ. ჩვენ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის მოულოდნელი. შესაბამისად, ერთადერთი ეგ შეიძლება რომ ყოფილიყო,”- განაცხადა პაპავამ.
რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ შეიძლება გაევრცელებინათ ეს ჩანაწერი, გიორგი პაპავა პარტიისა და ლიდერის დისკრედიტაციის მცდელობას ასახელებს.
“ცდილობენ, წინასააარჩევნოდ ყურადღება გადატანილი იყოს არა იმაზე, ვის რა პროგრამა აქვს, ვინ რას აპირებს, არამედ იმაზე, ვინ ვის ესაუბრება და ა.შ. ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის დირექტორს შორის საუბარს უსმენს სახელმწიფო და ისევ მიმდინარეობს მოსმენები – ეს არის სკანდალური და არა რაღაც მცირედი დეტალები, რომელზეც ორი ადამიანი ერთმანეთთან საუბრობს,”- განაცხადა მან.
გიორგი პაპავას განცხადებით, სასაცილოა სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ არ აქვთ კავშირი ჩანაწერების მიპოვებასთან და გავრცელებასთან.
“იგივე, როდესაც ჩვენი პარტიის წევრზე მოხდა ზეწოლა ჩვენი პარტიის ოფისთან და დააპატიმრების მცდელობა იყო, მაშინაც უარყვეს, მაგრამ ფაქტი იყო სახეზე, რომ ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს დახვდნენ ოფისიდან გასულს და რაღაც აბსურდული ბრალდებები წაუყენეს. ისინი ყოველთვის უარყოფენ ამას, რა თქმა უნდა,”- განაცხადა გიორგი პაპავამ.
სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, დღეს, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნიკა გვარამია და ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
შსს-მ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).