ახალი ამბები

რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული პომიდორი თურქულს

21 მაისი, 2012 •
რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული პომიდორი თურქულს

“თურქულ პომიდორს ხარისხით ჩვენი სჯობს… ჩვენ მინიმუმ იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ბაზარი მთლიანად გაჯერდეს სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციით,” – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 17 მარტს წეროვანში გააკეთა, სადაც ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

2011 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პომიდვრის იმპორტი 44%-ით გაიზარდა და 6,714 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში პომიდორი ძირითადად თურქეთიდან და მხოლოდ მცირე ნაწილი  ირანიდან შემოდის.


ბოლო წლების მანძილზე საქართველოში ადგილობრივი პომიდვრის წარმოება შემცირდა. მაგალითად, თუკი 2007 წელს 80,2 ათასი ტონა პომიდორი იქნა მოყვანილი, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 56 ათას ტონამდე შემცირდა.


საქართველოს ბაზარი ადგილობრივი პომიდვრით ძირითადად მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან მარაგდება, თუმცა – სეზონურად და წელიწადში მხოლოდ 6 თვის (მაისიდან – ნოემბრამდე) განმავლობაში. დანარჩენი 6 თვის განმავლობაში საქართველოს ბაზარი იმპორტირებულ პომიდორს უჭირავს.


ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციით, მათ შორის პომიდვრით, არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი უნდა გაჯერდეს, არამედ ექსპორტზეც უნდა გავიდეს.


“გამოსავალი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, კიდევ უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმის შექმნა და ინვესტიციების ჩადებაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს მასშტაბით ყველაზე მსხვილი ინვესტიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, „აიკონ ჯგუფის“ სასათბურე მეურნეობაში განხორციელდა. კომპანიამ  2009 წელს სასათბურე მეურნეობის გასავითარებლად 5 მილიონი დოლარის  ინვესტიცია თურქეთიდან და გერმანიიდან მოიზიდა.


კომპანიის გენერალური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული პომიდორი თურქულთან შედარებით გაცილებით მაღალი ხარისხისაა, თუმცა დღეის მდგომარეობით  ფასში სხვაობა თითქმის არაა: თბილისში, საბითუმო ბაზარზე  თურქეთიდან იმპორტირებული და ხელვაჩაურის სათბურის 1კგ პომიდვრის ფასი 3.30 ლარია.


საქართველოში პომიდვრის ექსპორტის შემცირების მიზნით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დაიწყო სასათბურე მეურნეობების ამუშავება.


სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში პირველი ინვესტიცია წეროვანში განხორციელდა, სადაც 0.85 ჰექტარზე მოეწყო სასათბურე მეურნეობა. წეროვანის სათბურში პომიდორი ისრაელში დანერგილი ტექნოლოგიებით მოჰყავთ.


სათბურის აგრონომი ალექსანდრე ზუბიაშვილი  ამბობს, რომ პროდუქციის წარმადობა დაბალია:


“სეზონზე სათბურში ჰექტარზე  300 ტონა მოსავლის მიღება შეგვიძლია, კვირაში 5 ტონა პომიდორს ვკრეფთ”.


ზუბიაშვილის თქმით, მათი პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად თბილისის მერიის “იაფი ბაზრობების” საშუალებით ხორციელდება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მთავრობის ძალისხმევით სასათბურე მეურნეობების განვითარებაში ფერმერებს USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ განვითარების პროექტი ეხმარება. პროექტის მენეჯერი საზოგადოების ინფორმირების საკითხებში თამარ რაზმაძე ამბობს, რომ  პროექტის დაწყებიდან (2010 წლიდან) ამ სექტორში დაახლოებით 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა:


“ეს ინვესტიციები არ არის საკმარისი, ამ ბიზნესს სჭირდება ტექნიკური დახმარება. საჭიროა უახლესი ტექნოლოგიების ცოდნა და სპეციალური ტექნიკის გამოყენება“.


კომპანია “სენ სელექშენი” უკვე სამი წელია ამუშავებს სასათბურე მეურნეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გონიოში 3500 კვ.მ ფართობზე. ამ მეურნეობის მოსაწყობად კომპანიამ 60 ათასი დოლარის მოცულობის ინვესტიცია უკრაინიდან მოიზიდა.

“პომიდვრის წარმადობა დაბალი გვაქვს. მოგვყავს ბროკოლი და სალათის ფურცლები. პროდუქცია  ადგილობრივ ბაზარზე გაგვაქვს. კარგი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ბიზნესს ვერ ვაფართოებთ, რადგან აგროსექტორთან დაკავშირებით დაფინანსების მოპოვება ძალიან რთულია,“ – ამბობს კომპანია „სენ სელექშენის“ ხელმძღვანელი გიგი მიქაბერიძე.


მისივე თქმით, სასათბურე მეუნეობებისთვის საჭირო დანადგარები ძალიან ძვირი ღირს, ხოლო მათ შესაძენად ბანკებიდან სესხების გამოტანა თითქმის შეუძლებელია:


“თუკი სასათბურე მეურნეობის აქვს შემოსავალი თვეში 5 ათასი ლარი, ასიათასიანი დანადგარისთვის კომპანიას სესხს არც ერთი ბანკი არ მისცემს. ბანკები კონცენტრირებულნი არიან დღევანდელ შემოსავალზე და აქედან გამომდინარე ითვლიან რისკებს,“ – ამბობს გიგა მიქაბერიძე.


USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ განვითარების პროექტის მენეჯერი საზოგადოების ინფორმირების საკითხებში თამარ რაზმაძე აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობენ სალიზინგო კომპანიებთან, რათა სასათბურე მეურნეობებმა ლიზინგით შეძლონ სათანადო აღჭურვილობის გამოტანა.


სასათბურე მეურნეობებისათვის დანადგარების შეძენას ლიზინგით კომპანია “თიბისი ლიზინგი” გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ნანა მიქაშავიძე ამბობს, რომ მათ განაცხადით რამდენიმე კომპანიამ მიმართა, თუმცა  “თიბისი ლიზინგს” გადწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


სასათბურე მეურნეობას კომპანია „ვი ენდ თი აგრო“ ქობულეთის სოფელ თეთროსანში ფლობს. კომპანიის დირექტორი დიმიტრი ბლიაძე ამბობს, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა არის აჭარაში მდებარე სასტუმროებისა და რესტორნების მხრიდან, თუმცა დაბალი წარმადობის გამო მათ დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ:


„თუ განვითარდა ეს ბიზნესი, ბაზარზე არსებული დეფიციტი აღმოიფხვრება და იმპორტის მიერ დაკავებულ ნიშას ადგილობრივი ნაწარმი შეავსებს. ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებით ებრაელი და ბერძენი ინვესტორები ინტერესდებიან,“ – ამბობს დიმიტრი ბლიაძე.


შვეიცარიული კერძო ფონდი “პრომესტია” ავითარებს საოჯახო სათბურების ქსელს სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ფონდის სოფლის მეურნეობის პროექტის ხელმძღვანელის ზურაბ კარბელაშვილის ცნობით, 2012 წელს მესტიაში, ლატალსა და უშგულში 70 საოჯახო სათბური უნდა აშენდეს.


ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის კონსულტანტი ნუკრი მემარნიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი პომიდორი კონკურენციას იმპორტს იმ შემთხვევაში გაუწევს, თუ სასათბურე და სამაცივრე მეურნეობები და ახალი ტექნოლოგიები განვითარდება.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი