ნეტგაზეთი | დატოვე მანქანა სახლში 22 სექტემბერს – აქცია თბილისშიც დატოვე მანქანა სახლში 22 სექტემბერს – აქცია თბილისშიც – Netgazeti

დატოვე მანქანა სახლში 22 სექტემბერს – აქცია თბილისშიც

22 სექტემბერს, მსოფლიოს ბევრი ქალაქის მსგავსად, თბილისში “დღე მანქანის გარეშე” აღინიშება. აქციის ორგანიზატორების თხოვნა მხოლოდ ერთია – დატოვეთ ავტომობილი სახლში და იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აქციის დაარსების იდეის ავტორი ერთ-ერთი საერთაშორისო ქსელია, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად, 1997 წლიდან, ყოველ 22 სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი ერთი დღით მანქანით გადაადგილებაზე უარს ამბობს. თბილისი აქციას წელს პირველად უერთდება.

რატომ უნდა შევუერთდეთ აქციას?

გელა კვაშილავა, მობილობისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების საერთაშორისო ექპერტი, ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დამფუძნებელი
გელა კვაშილავა.

გელა კვაშილავა

“ყველა თანამედროვე ქალაქი ფეხით მოსიარულეების წასახალისებლად უსაფრთხოების კუნძულებს, საფეხმავლო და საველოსიპედო ქუჩებს ქმნის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ახალისებს და ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკინგის უფრო მაღალ გადასახადს აწესებს, რათა გააკონტროლოს ავტომანქანების მზარდი ნაკადი, სიჩქარე ურბანულ ზონაში და წაახალისოს ფეხითა თუ ველოსიპედით გადაადგილება. ჩვენ ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაბატონებული ქალაქების დაგეგმარების გზით მივდივართ, როცა მანქანებზე ორიენტირებული პოლიტიკა მოქალაქეების ერთმანეთისგან იზოლირებას, ქუჩებიდან ფეხით მოსიარულეების განდევნას და ქალაქურ ცხოვრების გაღარიბებას იწვევს.

თუ ჩვენ ქალაქებს დავგეგმავთ მანქანებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის, შედეგად მივიღებთ მანქანებს და ინფრასტრუქტურას, ჰაერის ხარისხის დაბინძურებას, მომატებულ ტრავმებს გზებზე და, რაც მთავარია, ქუჩებში ნაკლებად მოსეირნე და ბედნიერ ადამიანებს.”

ნინო გოგინაშვილი, კომპანია CI.O.SI-ს დამფუძნებელი
ნინო გოგინაშვილი

ნინო გოგინაშვილი

იდეა ძალიან მარტივი და ამავდროულად მნიშვნელოვნია – სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოზე ზრუნვის პოზიტიური პროპაგანდა. ვფიქრობ, საქართველოში დღეს ეს ფაქტორები უკიდურესად მნიშვნელოვანია და პირადად მე სიამოვნებით ვუერთდები 22 სექტემბრის აქციას. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რატომღაც არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მასზე ზრუნვა ყოველდღიურობის ნაწილი იყოს, რასაც ხშირად ისეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ, როგორიცაა პერმანენტული უსასრულო საცობები, არასწორად გაგებული ქალაქგეგმარება და ა.შ.

მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის დღემდე დაუძლეველ გამოწვევად რჩება ისეთი იდეების გარშემო კონსოლიდაცია, როგორიცაა დღე მანქანის გარეშე, რაც ჩვენი შინაგანი კულტურის არცთუ ისე მაღალ დონეზე მეტყველებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო წელსაც, ისევე როგორც შარშან, ვუერთდები აქციას “დღე მანქანის გარეშე” და ვთხოვ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, წელიწადში ერთი დღე მაინც გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან და იარონ ფეხით.”

ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი; აქციის ორგანიზატორი
ლევან ცუცქირიძე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი; აქციის ორგანიზატორი

ლევან ცუცქირიძე

“ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ამ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი ხდება. თბილისი იქცა საკუთარი მოქალაქეებისათვის საშიშ ქალაქად. ეს არის თბილისის ტრაგიკული ბედი, რომელიც რატომღაც ასე შემოტრიალდა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი. ხანდახან მგონია, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც აღარ უყვარს თავისი მაცხოვრებლები, მაგრამ არც მაცხოვრებლები გამოირჩევიან მისი სიყვარულით. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი – რასაც მისცემ მას, ისევე გიპასუხებს.

მსოფლიოს მთავარმა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების საშუალებით უკვე გვითხრეს, რომ ამ ქალაქში ცხოვრება სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მე მყავს ორი შვილი, რომლებიც ამ ქალაქში იზრდებიან და ვისი ბედიც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაწუხებს. გარდა გამონაბოლქვისა, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ხმაური და დაუსრულებელი საცობები.

თბილისი გახდა ქალაქი, სადაც ადამიანები ფეხით სასეირნოდ აღარ გამოდიან. გასაგებიცაა – ხომ საშინლად არაკომფორტულია ფეხით სავალ ნაწილზე შემდგარი მანქანების გვერდით სიარული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არც კი გაძლევენ საშუალებას, ქვეითმა კუთვნილი სივრცით ისარგებლო. რამდენ ადამიანს ნახავთ დღეს, ვინც ქალაქის ქუჩებში სეირნობს?

ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ პრობლემას, რადგან არ გვიყვარს ჩვენი ქალაქი… და მერე მოვჯდებით დიდი რკინის ხარახურაზე და ვივლით ბევრს.

მე, რა თქმა უნდა, არ ველი, რომ 22 სექტემბერს მთელი ქალაქი გამოვა ქუჩაში ფეხით, მაგრამ აუცილებელია გაჩნდეს მსგავსი ინიციატივა და მოქალაქეები საკუთარი გარემოს წინაშე დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე დაფიქრდნენ.”

თეა ქუთათელაძე, ექიმი
თეა ქუთათელაძე

თეა ქუთათელაძე

“საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებით, რაშიც უდიდესი წვლილი (ფაქტიურად 70%-ზე მეტი) მანქანების გამონაბოლქვს მიუძღვის. 22 სექტემბერი ეს არის შანსი, რომ დავუმტკიცოთ პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ მანქანის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია და ამ დღეს ვნახოთ სრულიად განსხვავებული და მშვიდი თბილისი; იმ შეგრძნებით, რომ ამ ერთი დღის მანძილზე მაინც გავუფრთხილდით ეკოლოგიას. ფეისბუკში არის ასეთი ჯგუფი “Tbilisi Central Park/მწვანე საქართველო -ჯანმრთელი მომავალი”, რომლის ერთ-ერთი წევრი გახლავართ და ჩვენი ჯგუფის მთავარი მიზანიც ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობაა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, 22 სექტემბერს დატოვონ მანქანები ერთი დღით და დატკბნენ სულ სხვანაირი თბილისით.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი