ნეტგაზეთი | ოპოზიციიდან “მომავალი პროვოკაციების საფრთხეებზე” “ოცნების” შემდეგ შს მინისტრიც საუბრობს ოპოზიციიდან “მომავალი პროვოკაციების საფრთხეებზე” “ოცნების” შემდეგ შს მინისტრიც საუბრობს – Netgazeti

ოპოზიციიდან “მომავალი პროვოკაციების საფრთხეებზე” “ოცნების” შემდეგ შს მინისტრიც საუბრობს

პოლიტიკური პარტიების მხრიდან “მომდინარე დესტაბილიზაციისა თუ პროვოკაციების საფრთხეების”  შესახენ “ქართული ოცნების” წევრების შემდეგ მთავრობის წარმომადგნლებიც ლაპარაკობენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ  ამ მიმართულებით “სრულად არიან მობილიზებული”:

“არის ინფორმაცია, რომ რიგი პარტიებისა არჩევნების პერიოდში და მის შემდგომაც აპირებენ გარკვეულ პროვოკაციებს. დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით აბსოლუტურად მობილიზებული ვართ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“მინისტრი რასაც საუბრობდა, ამ საუბარს საფუძველ აქვს”, – ეს კი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია.

არც შს მინისტრსა და არც პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ პარტიებზეა საუბარი “დესტაბილიზაციისა თუ პროვოკაციების” კონტექსტში, თუმცა ეს “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მან პროვოკაციების სურვილში ენმ დაადანაშაულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობა ენმ-ს მსგავსი ტიპის ბრალდებას უყენებს. თავის დროზე ამ კუთხით გამოძიებაც კი დაიწყეს, თუმცა უცნობია, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. სწორედ ეს ამბავი გაიხსენა ენმ-ის წევრმა ელენე ხოშტარიამ დღეს რუსთავი 2-თან საუბარში, როდესაც მღებრიშვილისა და კვირიკაშვილს განცხადებებს აფასებდა. მისი თქმით, ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო განცხადებებია და მიზნად მითების შექმნას ისახავს.

“ჩვენ არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ხელისუფლება მითების შექმნას ცდილობდა: ჭიკაიძის [შს მინისტრობის] დროს საბურავების მითი იყო, გამოძიებაც კი დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, სწორედ მაშინ, როდესაც თავად ხელისუფლება ახდენდა კანონსა და კონსტიტუციაზე ძალადობას, მაშინ რუსთავი 2-ის საქმე იყო. ასეთ პერიოდებში ხელისუფლებას სჩვევია, რომ რაღაც მითები შექმნას და ქვეყანაში არსებული პრობლემები გადააბრალოს ოპონენტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, იქ მუშაობს ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი, რომელიც არაერთხელ ყოფილა შეზღუდული პოლიტიკური ამოცანების გამო… სამარცხვინო იყო, როდესაც პოლიციელებს ეკრძალებოდათ კორცხელის ინციდენტში ჩარევა… მინისტრს კარგად უნდა ემსოდეს, რომ ის პასუხისმგებელია ამ ინსტიტუტზე, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, პასუხისმეგებელია იმაზე, რომ პოლიცია არ გახდეს პოლიტიზებული და კრიმინოგენური მდგომარეობა არ იყოს ამ დონეზე. მე შევახსენებ მის პასუხისმგებლობებს. მიხედოს იმ საქმეს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არა იმას, რაც მის პარტიას აწყობს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com