Interviewsახალი ამბები

დარღვეული შეჯიბრებითობის პრინციპი მტკიცებულებების მოპოვებისას

12 სექტემბერი, 2016 • 3554
დარღვეული შეჯიბრებითობის პრინციპი მტკიცებულებების მოპოვებისას

რა პრობლემებია  საქართველოს საერთო სასამართლოებში მტკიცებულებებთან დაკავშირებთ – პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს (OSGF)” მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში არის შემოთავაზებული.

შეჯიბრობითობის პრონციპის დარღვევა, ბრალდების მხარისთვის უპირატესობის მინიჭება, არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობისას – ესენია ძირითადი პრობლემები, რომლებზეც კვლევაში არის საუბარი.

კვლევა ეყრდნობა საკონსტიტუციო, უზენაესი, 5 ქალაქის პირველი ინსტანციისა და ორივე სააპელაციო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლევის ავტორებს ინფორმაცია არ მიაწოდა. კვლევის შედეგები 12 სექტემბერს, “თბილისი მარიოტში” წარმოადგინეს. ის რეკომენდაციები, რომლებიც ავტორებმა საკანონმდებლო ხარვეზების გასწორებისათვის შეიმუშავეს, წარმოადგინეს კანონპროექტის სახითაც. 

 კვლევის "მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში" პრეზენტაცია. 12.09.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კვლევის “მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში” პრეზენტაცია. 12.09.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დაცვის მხარეს არ შეუძლია, მტკიცებულებად წარადგინოს კომპიუტერული მონაცემი

კვლევის თანაავტორის, ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, საპროცესო კოდექსის თანახმად, აკრძალულია დაცვის მხარის მიერ “კომპიუტერული მონაცემის”, როგორც მტკიცებულების მოპოვება. ასეთი მონაცემის მოპოვების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. კვლევის თანახმად, სასამართლო “კომპიუტერულ მონაცემს” განმარტავს როგორც ნებისმიერ მონაცემს, რომელიც კომპოუტერიდან არის მოპოვებული. ჩომახაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ეს პრაქტიკა მნიშვნელოვნად აზარალებს დაცვის მხარეს.

კერძოდ, როგორც კვლევაშია მოცემული, კომპიუტერულ მონაცემებში შედის ისეთი მონაცემებიც კი, რომლებიც სრულიად საჯაროა, მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სხვა ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულება საჯარო დაწესებულებას ზოგადი ადინისტრაციული კოდექსით ეკისრება.

“სასამართლოებმა, და მათ შორის სააპელაციო სასამართლომ, ყველა ინფორმაციას, რომელიც არის კომპიუტერში, დაარქვეს კომპიუტერული მონაცემი და დაცვის  მხარეს არ აძლევენ საშუალებას, მოიპოვონ ეს მტკიცებულება. ისევე, როგორც უკვე მოპოვებულ მტკიცებულებას სასამართლოთა ნაწილი ცნობს დაუშვებლად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მხოლოდ ბრალდების მხარეს შეუძლია,”- ამბობს კვლევის ავტორი.

ამავე პრინციპით დღეს ადვოკატს არ შეუძლია მოიპოვოს ქუჩაში მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, ვინაიდან ისიც კომპიუტერულ მონაცემად ითვლება.

“ადვოკატმა რომ მიმართოს კონკრეტულ მაღაზიას, რომლის წინაც მოხდა ჩხუბი, რომ მომეცით ჩანაწერი, და შეიძლება ეს ჩანაწერი ადასტურებდეს ადამიანის უდანაშაულობას, ეს ჩანაწერი ან მოპოვებული ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს არის კომპიუტერული მონაცემი და მაღაზიის გამყიდველი ან მენეჯერი გაფრთხილებულია, რომ არ უნდა გასცეს დაცვის მხარის მოთხოვნაზე. ან, თუ მოპოვებულია, სასამართლო ცნობს მას დაუშვებლად იმის გამო, რომ ეს არის დაცვის მხარის მიერ მოპოვებული,”- განაცხადა მან.

კვლევაში შემოთავაზებულია რეკომენდაცია, რომ დაზუსტდეს კომპიუტერული მონაცემის ცნება და  განიმარტოს, როგორც ისეთი მონაცემი, რომლის დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს ნამდვილად აქვს.

დაცვის მხარეს არ შეუძლია, გაეცნოს გრიფით საიდუმლო საქმის მასალებს

“ყველა საქმეზე, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, დაცვის მხარეს არ აქვს ხელმისაწვდომობა,” – ამბობს ქეთევან ჩომახაშვილი.

მისივე თქმით, მასალები გრიფით და გრიფის გარეშე ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდება, რადგან საიდუმლო გრიფის მქონე მასალებზე ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მასალებზეც.

“აქ ერთი უცნაურობაა, თითქოს გაცნობენ მასალებს, მაგრამ ასლების გადაღება წარმოუდგენელია. გაცნობის საშუალება გაქვს, მაგრამ ჩანაწერების გაკეთების საშუალება – არა. უნდა წაიკითხო და საკუთარ მეხსიერებას უნდა ენდო, რომ დაიმახსოვრო, რა წერია საქმის მასალებში და მერე ამ მეხსიერებაზე დაყრდნობით უნდა განახორციელო დაცვა, რაც არ არის საკმარისი, რომ ეს დაცვა განხორციელდეს,”- ამბობს ქეთევან ჩომახაშვილი.

კვლევაში მოცემული რეკომენდაციით, ასეთი მასალები უნდა გადაეცეს დაცვის მხარეს მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით და არა გამომძიებლის ან პროკურორის გადაწყვეტილებით.

საქმის მასალების გაცვლასთან დაკავშირებით კვლევის ავტორი არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზეც მიუთითებს. კანონის თანახმად, წინასასამართლო სხდომამდე, არაუგვიანეს 5 დღისა, უნდა მოხდეს საქმის მასალების გაცვლა. ზოგიერთი სასამართლო ამას განმარტავს, “როგორც არაუგვიანეს 6 დღეს” – აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოებში ეს უნდა იყოს 6 დღე, ხოლო დასავლეთ საქართველოს სასამართლოებში – 5 დღე, რასაც კვლევის თანაავტორი “უცნაურს” უწოდებს.

ქეთევან ჩომახაშვილი წარმოადგენს კვლევას "მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში". 12.09.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ქეთევან ჩომახაშვილი წარმოადგენს კვლევას “მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში”. 12.09.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მოწმის დაკითხვა მოსამართლის წინაშე

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუკი მოწმე პროკურატურაში ან გამოძებაში გამოსაკითხად მისვლაზე უარს აცხადებს, პროკურორს შეუძლია იგი მოსამართლის წინაშე დაკითხოს. დაცვის მხარეს ეს უფლება არ აქვს, რაც მას არათანაბარ ვთარებაში აყენებს.

“არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა, როცა მოწმე ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ მას არ უნდა ნებაყოფლობით გამოკითხვის პროცესში მონაწილეობა. ბრალდების მხარეს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, ეს მოწმე მიიყვანოს სასამართლოში და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხოს. ასეთი უფლებით დაცვის მხარე აღჭურვილი არ არის,”- ამბობს ქეთევან ჩომახაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია სრულად ამოქმედდეს მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვის წესი.

შესწავლილი საქმეების 88%-ში ადვოკატი სადავოდ არ ხდიდა ბრალდების მტკიცებულებებს

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გაანალიზდა საქართველოს ხუთი ქალაქის – თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის წინასასამართლოს სხდომის 780-მდე ოქმი. ამ ანალიზის მიხედვით, დგინდება, რომ 88%-ს შეადგენს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა უდავოდ გახდის მაჩვენებელი, რაც, კვლევის თანახმად, ძალიან მაღალია. ასევე, მხოლოდ 5% არის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა დაცვის მხარის მხრიდან.

“სასამართლო სხდომის ოქმებისა და ინტერვიუების ანალიზი კი ადასტურებს, რომ ეს უფრო დაცვის მხარის დაბალ კომპეტენციაზე მიანიშნებს, ვიდრე ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების დროს კანონის მოთხოვნათა სრულყოფილ დაცვაზე,”- ვკითხულობთ კვლევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი