ახალი ამბები

ბოიკოტირება პარლამენტში რეგლამენტით დარეგულირდება

19 მაისი, 2012 • 1355
ბოიკოტირება პარლამენტში რეგლამენტით დარეგულირდება

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლითაც დარეგულირდება დეპუტატების მხრიდან ბოიკოტირების საკითხი.

“ყველა ქვეყნის პარლამენტში არის ნორმა ბოიკოტირებისა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში აზრად არავის მოსვლია, რომ ეს ბოიკოტი მუდმივ ფორმაში გადაეყვანა”, – ამბობს კანონპროექტის ავტორი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

საქართველოს მოქმედ პარლამენტში, რომელიც 2008 წელს იქნა არჩეული, უკვე მეოთხე წელია ბოიკოტის რეჟიმში არიან “ლეიბორისტები”. ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის წევრები “ლეიბორისტული პარტიიდან” – შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, გიორგი გუგავა და კახაბერ ძაგანია ყოველწლიურად იღებენ გასამრჯელოს ბიუჯეტიდან იმ სამუშაოს გამო, რასაც ისინი, როგორც დეპუტატები, უნდა ასრულებდნენ.

ქონებრივი მდგომაროების შესახებ დეკლარაციის მიხედვით, 2008-10 წლებში შალვა ნათელაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა და “ლეიბორისტული პარტიის” ხელმძღვანელმა, ანაზღაურების სახით მიიღო 182 653 ლარი. ნათელაშვილი 2009 წლის დეკლარაციაში აღშფოთებით აღნიშნავს, რომ წინა წელს მისმა, სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა “ქაღალდზე” შეადგინა 51 147 ლარი, სადანაც “ყაჩაღური საგადასახადო კანონმდებლობის გამო ხელზე” აიღო 36 200 ლარი და 25 თეთრი.


იგივე სამი წლის (2008-10 წწ.) განმავლობაში იოსებ შატბერაშვილის ანაზღაურებამ შეადგინა 99 702 ლარი; გიორგი გუგავას ჯამაგირმა – 109 752 ლარი; კახაბერ ძაგანიას ხელფასმა კი – 100 040 ლარი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტში არაფერია ნათქვამი ბოიკოტზე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, რომ მას პრაქტიკაში მაინც მიიჩნევენ, როგორც პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზად.

ამჟამინდელი რეგლამენტით, თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში არკვევს გაცდენის მიზეზს და თუკი დადასტურდება, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას, რის მიხედვითაც დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება.

თუმცა “ლეიბორისტების” შემთხვევაში, დღეს მოქმედი რეგლამენტით, რთულად ეჩვენებათ იმის დამტკიცება, რომ ისინი სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ, რადგან გაცხადებული აქვთ ბოიკოტის შესახებ.

საქართველოს პარლამენტში ბოიკოტის რეგულირების საკითხთან დაკავშირებით ორ მოდელს ამუშავებენ.

“ერთი მოდელით, როდესაც პოლიტიკური პარტია, პარლამენტის წევრი აცხადებს  უვადო ბოიკოტს, ასეთ შემთხვევაში, მათ ეხსნებათ გარკვეული პრივილეგიები და უფლებამოსილება, იმ დროს, როდესაც ისინი არიან მოქმედი პარლამენტის წევრები”, – ამბობს მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტის წევრი “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან”.

მეორე ვარიანტით, დეპუტატს უნარჩუნდება ყველა ის პრივილეგია, რომელიც აქვს პარლამენტის წევრს, მაგრამ ბოიკოტი უნდა იყოს გამოცხადებული კონკრეტული საკითხის მიმართ და არა – ზოგადად პროცესის მიმართ.

“ეს დროში გაწელილი არ უნდა იყოს. არა თუ დროში გაწელილი, არამედ უნდა იყოს კონკრეტულ ერთ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, დავუშვათ საკონსტიტუციო ცვლილებები. თუ ამ საკითხს უცხადებს პოლიტიკური პარტია ბოიკოტს, ამ დროს იწერება წერილობითი განცხადება, მიმართავს პარლამენტს, ბიუროს და როგორც კი ამ საკითხის განხილვა სრულდება, ბოიკოტიც ავტომატურად ძალაშია”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში მაგდა ანიკაშვილი.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, როდესაც ამა თუ იმ საკითხის ბოიკოტირება ხდება, სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტის წევრები აცხადებენ, თუ რომელ სხდომაზე და რა მიზეზით არ მიდიან.

“ლეიბორისტები” მიიჩნევენ, რომ ბოიკოტის რეგულირება მათი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული:  

“ბოიკოტი – ეს არის მსოფლიოში აპრობირებული პროტესტის გამოხატვის ფორმა, ამას იყენებენ ბუნდესტაგში, საფრანგეთის სენატში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლობით ორგანოებში და აქ კი ცდილობენ, რომ რამენაირად, მსგავსი ფორმით ბოიკოტირება შეზღუდონ”, – ამბობს “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

რეგლამენტის ახალი პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხოლო მომდევნო მოსმენებისთვის საკომიტეტო განხილვები მიმდინარე კვირას იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი