ნორვეგიაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემის მთავარი რედაქტორი “ფეისბუკის” დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. წერილი სათაურით “მარკ, მისმინე – ეს მნიშვნელოვანია” ესპენ ჰანსენმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც “ფეისბუკმა”, რომელსაც რედაქცია მასალის ელექტრონულად გასავრცელებლად იყენებს, მათი სტატია და მასზე მიმაგრებული ვიეტნამის ომის ამსახველი ისტორიული ფოტოსურათი წაშალა.
მოთხოვნა სურათის წაშლის შესახებ რედაქციამ ოთხშაბათს დილით მიიღო და 24 საათზე ნაკლებ დროში, სანამ რედაქტორი “ფეისბუკს” წერილს მისწერდა, კომპანიამ სურათიც და სტატიაც თავად წაშალა Aftenposten-ის “ფეისბუკ” გვერდიდან. ფოტო, რომელიც ნიკ იუტმა ვიეტნამში ომის მსველობისას გადაიღო და პულიცერის ჯილდოც მოიპოვა, სოციალური ქსელის შესაბამისმა სამსახურებმა პორნოგრაფიად მიიჩნიეს:
“ყველა ფოტო, რომელიც ასახავს ადამიანის სიშიშვლეს, სადაც დაფარული არაა გენიტალიები და შიშველი მკერდი – წაიშლება” – მისწერეს გამოცემას “ფეისბუკიდან” გამაფრთხილებელ წერილში.
“თუ არ განასხვავებ საბავშვო პორნოგრაფიასა და ომის ამსახველ დოკუმენტურ ფოტოს, ეს უბრალოდ სისულელის წახალისება იქნება” – წერს ნორვეგიული გაზეთის მთავარი რედაქტორი ცუკერბერგს.
ყველაზე დიდი ნორვეგიული გამოცემის რედაქტორი ცუკერბერგს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ჰანსენი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და აშინებს ის გარემოება, თუ რას უპირებს “ფეისბუკი” თანამედროვე საზოგადოების დემოკრატიულ პრინციპებს.
“მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს აკისრია პასუხისმგებლობა, რომ აწონ-დაწონოს სტატია და ამბავი. ეს მოვალეობა და პასუხისმგებლობა ყველა რედაქტორს აკისრია მოსფლიოს გარშემო და ის არ უნდა შიეზღუდოს თქვენ მიერ კალიფორნიის ოფისში შექმნილი ალგორითმებით. წერილს კი იმიტომ ვწერ, რომ ვშიშობ, რომ ყველაზე დიდი მედია [იგულისხმება “ფეისბუკი”] ზღუდავს თავისუფლებას, რაც ავტორიტარული მმართველობის დროს ხდება” – წერს ჰანსენი ღია წერილში.
“ფეისბუკის” წარმომადგენელმა ამ საკითხზე The Guardian-ის კითხვებს უპასუხა:
“მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს საკულტო ფოტოა, რთულია განსაზღვრო ფოტოს დაშვებულობა ცალკეულ შემთხვევებში. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გლობალური საზოგადოებისთვის დავიცვათ ბალანსი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფთრხოებას და კომფორტს შორის. ჩვენი გადაწყვეტილებები ყოველთვის საუკეთესო არაა, თუმცა ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პოლიტიკა და საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ” – უთხრა “ფეისბუკის” წარმომადგენელმა ბრიტანულ მედიას.