ახალი ამბები

პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ

19 მაისი, 2012 • 1596
პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ

საქართველოდან 200-კაციანი დელეგაციის პარიზში გამგზავრებას, სადაც საქართველოს პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებები უნდა შესრულდეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცენტრზე, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება აფინანსებენ.

ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა, საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩემი აქ მოსვლის პირველი მიზანი იყო, დიდი მადლობა მეთქვა მისთვის. მან დააფინანსა ქართული კულტურის დღეები საფრანგეთში და პატრიარქის იქ ჩაბრძანება,” – განაცხადა ივანიშვილთან შეხვედრის დროს ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ. 

როგორც ფონდის დამფუძნებელი ამბობს, ქართული კულტურის დღეებს საფრანგეთში ნაწილობრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც აფინანსებს.

2012 წლის 18 მაისის საღამოს გამართვას პარიზის საკონცერტო დარბაზში “სალ პლეიელ” პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” გეგმავს. 

ბურჭულაძის განცხადებით, 18 მაისს საქველმოქმედო კონცერტის პირველ ნაწილში ქართული კლასიკური ნაწარმოებები შესრულდება. მეორე ნაწილში კი საქართველოს პატრიარქის ნაწარმოებები  
მათ შორის, ბუrჭულაძის თქმით, კონცერტზე მაყურებელი პატრიარქის “SANCTUS”-წმინდა არს და იმ ნაწარმოებებსაც მოისმენს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ არ არის.

როგორც კონცერტის ორგანიზატორი ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, 200 -კაციან დელეგაციაში, რომელიც საქართველოდან საფრანგეთში გაემგზავრება, იქნებიან საპატრიარქოს გუნდი, სხვადასხვა მუსიკალური გუნდები, თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

როგორც საქველმოქმედო  ფონდ „იავნანაში“ ამბობენ, კონცეტრზე შესრულდება „კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი განუმეორებელი ნაწარმოებები და  ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშები.“

კონცერტში მონაწილეობას პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, იანო ალიბეგაშვილი, ნანა ქავთარაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ გვერდწითელი, მარიამ როინიშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თეონა დვალი, ანსამბლი “შვიდკაცა” და სხვები მიიღებენ.

საქართველოს პატრიარქი დღეს, 15 მაისს საფრანგეთში უკვე გაემგზავრა. 

პატრიარქისა და 200 –კაციანი დელეგაციის საფრანგეთში გამგზავრების ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთში საქართველოს დღეებზე პატრიარქისა და სხვა მონაწილეების გამგზავრებისა და მსგავსი პროექტების დაფინანსება საზოგადოების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვად აღიქმება და არასწორია.

„ვინაიდან ივანიშვილი პოლიტიკური ფიგურაა, მას შეზღუდული აქვს სხვადასხვა მსგავსი პროექტების დაფინანსება. ამომრჩევლისთვის რაიმე ფულადი სახსრების ან მატერიალური ღირებულების გადაცემას პოლიტიკური მიზნით, კანონმდებლობა აკვალიფიცირებს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ შემთხვევაში გასარკვევია პოლიტიკური მიზანი, განზრახვა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი პროექტების განხორციელება“,– ამბობს ჩუგოშვილი. 

ივანიშვილის მიერ 200– კაციანი დელეგაციის გამგზავრებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხზე კომენტარს თინათინ ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრიც აკეთებს: 

“ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური კოალიცია ასეთს არაფერს აფინანსებს, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, აფინანსებს თუ არა ფონდი “ქართუ” ან რომელიმე სხვა ინსტიტუცია. თუ ასეა, მე მხოლოდ მივესალმები. ფონდ “ქართუს” არაერთი ეკლესიის მშენებლობა აქვს დაფინანსებული. მინდა აღვნიშნო, რომ ფონდმა გააგრძელა ყველა ის პროექტიც, რაც დროებით შეჩერებული იყო, მაგალითად, რაგბის სტადიონების პროექტი. მე მინდა ვუპასუხო საიასაც და საერთაშორისო გამჭვირვალობასაც, ვიცი, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები მათაც გაუჩნდათ. თუ ვინმე თვლის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, შევიდეს კონტროლის პალატა და დააჯარიმოს,”- ამბობს ხიდაშელი. 

საფრანგეთში გამგზავრების წინ ილია მეორესთან შესახვედრად საპატრიარქოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მივიდა. 

ილია მეორესა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პატრიარქის აღსაყდრების 35-ე და დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი