ახალი ამბები

მერაბიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს “ნაციონალების” აქტივისტებთან [Audio/Video]

19 მაისი, 2012 • 1269
მერაბიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს “ნაციონალების” აქტივისტებთან [Audio/Video]

დღეს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქუთაისში დახურულ შეხვედრებს მართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ აქტივისტებთან.

მერაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ წუთებში ავტოქარხნის უბნის აქტივისტებსა და კოორდინატორებს ხვდებიან.

ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა:

“გუშინ ჩვენმა კოორდინატორმა დაგვირიგა საშვები, რომელსაც ჩვენი სახელი და გვარი აწერია, ასევე, დასმულია თარიღი. კოორდინატორმა გვითხრა, რომ ვანო მერაბიშვილი მოდიოდა ჩვენთან შესახვედრად და რომ ყველანი, ვინც “ნაციონალებში” ვართ გაწევრიანებული, შეხვედაზე მივსულიყავით,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელიც იმყოფებოდა დახურულ შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან.

მისი თქმით, დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა ქუთაისში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე:

“ისაუბრა გზებზე, გარე განათებაზე, გარემონტებულ თეატრებზე, ახალგაკეთებულ შადრევანზე და იმ თანხებზე, რაც დაჯდა ეს ყველაფერი. მერმა გვითხრა, რომ კიდევ გასაკეთებელი აქვს 20 სტადიონი, თავისი შიდა სკვერებით. გვითხრა, რომ 2012 წლის ბოლოს ბაგრატის ტაძრის მშენებლობაც დასრულდება”.

დახურულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილიც:

“მან გვითხრა, რომ 2012 წლის სექტემბრიდან ყველა პენსიონერს და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს მიეცემა ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტი, რომ 1 სექტემბრიდან პენსია გახდება 140 ლარი და ა.შ.”

“ნეტგაზეთის” წყაროს ცნობით, შეხვედრის ბოლოს შეკრებილებს სიტყვით მიმართა ვანო მერაბიშვილმა:

“მან თქვა: მე დღეს არა ვარ იმ  სტატუსით მოსული, რომ ვისაუბრო პოლიციაზეო. მართალია, ქალაქის მერმა ისაუბრა ქალაქის წინსვლაზე, ჯანდაცვამ – მედიცინაზე, ხოლო ჩვენ ისეთი კარგი მდგომარეობა გვაქვს შს სამინისტროში, რომ აღარაფერი გვქვს მასზე სასაუბროო. შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყანა 1989 წელს იყო და მერე დაიწყო არეულობებიო. ახლა თითქმის ვუტოლდებით 1989 წელს, ისეთი აღმავლობის გზაზე ვდგავართ ეკონომიკის თვალსაზრისითო. მერაბიშვილმა თქვა, რომ 6 მილიონი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველა უმუშევარი დასაქმდებაო”.

ამ წუთებში ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები და შს მინისტრი მეორე შეხვედრას მართავენ ავტოქარხნის უბნის აქტივისტებთან.

 

ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც საქორწილო დარბაზში ”რაჭა” გაიმართა, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ შეუშვეს ”ნეტგაზეთის” წარმომადგენლები. მას ხელს უშლიდნენ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარეთ გამოსული მინისტრის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების გადაღებაში. ფოტო და ვიდეო გადაღების საშუალებას ”ნეტგაზეთის” წარმომადგენელს არ აძლევდა ქუთაისის მერიის მართვის ტერიტორიული სამსახურის უფროსი კახა ხვარეშია, რომელიც ”ქართული ოცნების” აქტივისტების თქმით, მონაწილეობდა 2 მაისს მათი აქციის წყლის ჭავლით დაშლის პროცესში

ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ანალოგიური დახურული შეხვედრა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან ოპერის თეატრში გამართა.

ამავე თემაზე:

მერაბიშვილთან დახურული შეხვედრის დროს ჟურნალისტი ცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი