ახალი ამბები

2017 წელს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება

8 სექტემბერი, 2016 • 1513
2017 წელს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება

საქართველოში 2017 წლის მაისში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დღეს, 8 სექტემბერს იენს სტოლტენბერგმა დავით უსუფაშვილთან, საქართველოს პარლამენტისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა. სტოლტენბერგი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში იმყოფება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში 2008 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ, 7-8 სექტემბერს ჩატარდა.

“გვაქვს პატივი, მომავალ წელს, მაისში, საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატოს არაწევრ სახელმწიფოში ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მან ასევე ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც:

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ NATO-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაში,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი