ახალი ამბები

საია: თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით ინციდენტის გამოძიება კითხვებს აჩენს

7 სექტემბერი, 2016 •
საია: თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით ინციდენტის გამოძიება კითხვებს აჩენს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება აჩენს კითხვებს.

საია აცხადებს, რომ შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობდეს და არ იყოს ობიექტური; კითხვებს აჩენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და მოსალოდნელი სასჯელის პროპორციულობა, გამოძიების პროცესზე სასამართლო კონტროლის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.

საია-ს გამოძიებასთან დაკავშირებით შემდეგი შენიშვნები აქვს:

– მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მონაწილებით მომხდარი ინციდენტის გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმდინარეობს; გამოძიება არ სწავლობს ინციდენტის დროს თავად მოსამართლის მოქმედებების შესაბამისობას კანონთან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე თავად ხაჭაპურიძის საჩივრის საფუძველზე აღიძრა მისი არასრულწლოვანი შვილის ცემის საფუძვლით, ამ მიმართულებით გამოძიება აღარ მიმდინარეობს;

– თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, თუმცა აღნიშნული საფუძვლის არსებობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული;

– ასევე, არასათანადოდაა დასაბუთებული სასამართლოს განჩინება ხაჭაპურიძის მიმართ აღკვთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;

– კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბრალდებაში აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და სასჯელის პროპორციულობა.

საია-ს ინფორმაციით, 2016 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თამარ ხაჭაპურიძეს შორის მომხდარი ინციდენტის დროს სხეულის დაზიანება მიიღო თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანმა შვილმა – დავით ხაჩიძემ. დაზიანების ფაქტზე თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც დაიწყო  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა). გამოძიების პროცესში გამოკითხეს ინციდენტის მონაწილეები. დაზიანებებთან დაკავშირებით არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

საია-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა იმავე საღამოს, 22:00 სთ-მდე. ვინაიდან საგამოძიებო მოქმედებები ღამის საათებში უნდა ჩატარდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამომძიებლებმა ხაჭაპურიძეს და მის მეუღლეს სთხოვეს არასრულწოვნის დაკითხვა გადაედოთ მეორე დღისთვის. ამაზე მშობლებმა თანხმობა განაცხადეს და დაახლოებით 22:30 სთ-ზე დატოვეს პოლიციის განყოფილება. 2016 წლის 27 აგვისტოს, ღამის 02:10 სთ-ზე ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე სამართალდამცავებმა დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობით. დაკავების დროს ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე სასტუმროში იმყოფებოდნენ მცირეწლოვან ქალიშვილთან და არასრულწოვან ვაჟიშვილთან ერთად. ასევე, მათ ახლდათ  სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი. ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის დაკავების შემდეგ ბავშვები დარჩნენ სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ამარა.

საია აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მოსამართლემ ჩაიდინა შეუფერებელი ქმედება (რაც სავარაუდოდ გამოიხატებოდა მოქალაქის მიმართ შეურაცმყოფელი სიტყვების, გინების გამოყენებაში, საჯარო ადგილას). მნიშვნელოვანია, გამოიძიონ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი. აღნიშნულის პარალელურად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს და იმსჯელოს, მოსამართლის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.

“ამ საქმეზე განხორციელებული რეაგირება შესაძლოა საზოგადოების თვალში მართლმსაჯულების სისტემის (როგორც საგამოძებო ორგანოების, ისე სასამართლო ხელისუფლების) უპირატესობის და ამ სისტემის წინაშე ინციდენტის მონაწილე მეორე მხარის (მოქალაქის) არსებითი უთანასწორობის და დაუცველობის  შთაბეჭდილებას ტოვებდეს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულს, უზრუნველყოფს მიმდინარე საქმეზე ობიექტურ რეაგირებას, არ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს და არ შექმნის როგორც საგამოძიებო უწყების, ასევე სასამართლო ხელისუფლების იმიჯის შემლახავ პრეცედენტს, აცხადებს საია.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფაქტით დაინტერესდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულყოფილად გამოიკვლევს მომხდარს, რათა მოსამართლის მოქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სანქციის გამოყენებით, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და მოსამართლის ხელშეუხებლობის პრინციპების სწორად აღქმასა და პატივისცემას საზოგადოებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი