ახალი ამბები

პრემიერი: ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილია

7 სექტემბერი, 2016 • 1143
პრემიერი: ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილია

პრემირ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, 7 სექტემბერს გაიმართება. კვირიკაშვილის შეფასებით, საბჭოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საქართველოს მხარდაჭრის კუთხით.

“ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით და, რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით”,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის ხდომაზე.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად ეწვევა. დღეს, 7 სექტებერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ასევე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სტოლტენბერგის შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაცია. დღის განმავლობაში სტოლტენბერგი და კვირიკაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი