ახალი ამბები

ხარაგაულელი აქტივისტი აცხადებს, რომ “თავის მოჭრით” დაემუქრნენ

8 მაისი, 2012 •
ხარაგაულელი აქტივისტი აცხადებს, რომ “თავის მოჭრით” დაემუქრნენ

“თავისუფალი საქართველოს” აქტივისტი ამირან წაქაძე აცხადებს, რომ ხარაგაულის გამგებელმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და “თავის მოჭრითაც” დაემუქა.

შემთხვევა, წაქაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მისი  განმარტებით, ეს  მუქარა უკავშირდება მის მიერ ქუთასის დაბინძურებული 9 აპრილის სახელობის მემორიალის  ფოტოების გადაღებასა  და facebook-ით  გავრცელებას.

“ხარაგაულის გამგებელი ნასვამ მდგომარეობაში მართავადა მანქანას, თან გვერდით გამგეობის თანამშრომელი თემურ ჩხეიძე უჯდა.  როდესაც შეაჩერეს ჩემ წინ მანქანა, გადმოვიდა გამგებელი თორნიკე ავალიშვილი და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. თან მემუქრებოდა თავის მოჭრით. სამწუხაროდ, თემურის გარდა თვითმხილველი სხვა არ ყოფილა,”- ამბობს ამირან წაქაძე.

ხარაგაულის გამგებელმა  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზეინაბ ხაჩიძის მეშვეობით ეს ფაქტი უარყო:

“რა სურათებზეა საუბარი,  ნამდვილად არ ვიცი. წაქაძეს ვიცნობ, მაგრამ 3-4 თვეა ხარაგაულში არ დამინახავს. არ ვარ საქმის ყურში. წაქაძე შორიდანაც კი არ დამინახავს ქუჩაში”.

ამ თემაზე დღეს ქუთაისში ბრიფინგი “თავისუფალი საქართველოს” ადგილობრივმა  ლიდერმა გოგი წულაიამ გამართა. მისი თქმით, მათ არ ეშინიათ და კვლავ განაგრძობენ პრობლემურ თემებზე მუშაობას. ამასთან, ამ ფაქტის გამო არ აპირებენ მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს , რადგან “ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი