ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

6 სექტემბერი, 2016 • 1913
იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

დღეს, 6 სექტემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურებს.

კომიტეტის წევრებს კანდიდატების შესახებ ინფორმაცია  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. უზენაესი სასამართლოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატებმა დეპუტატებს მართმსაჯულების სისტემაზე, სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული კენჭისყრით სამივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა.  კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის შვიდმა წევრმა მიიღო. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურას მხარი 7-მა დეპუტატმა დაუჭირა, ნონა თოდუას კანდიდატურას ხმა 5-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო, თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას კი მხარი ასევე 5-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

კანდიდატების არჩევის საკითხზე დეპიუტატები ხვალ, 7 სექტემბერს საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც სავარაუდოდ 13:00 საათზე გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ლევან ბოძაშვილი ხელმეორედ 20 ივლისს  წარუდგინა.  10 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი და მხარი არც ერთ მაღგანს დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი