ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გვინახავს, როგორ გამოიყენეს გაზპრომი პოლიტიკური მიზნებისათვის

6 სექტემბერი, 2016 •
კვირიკაშვილი: გვინახავს, როგორ გამოიყენეს გაზპრომი პოლიტიკური მიზნებისათვის

რუსულ ენერგეტიკულ კომპანია “გაზპრომთან” საქართველოს ურთიერთობის შესახებ “საერთაშორისო ლიდერობის მაკკეინის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორის კითხვაზე პასუხად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უკვე აქვს ხელსაყრელი პირობები გაზის მომწოდებელ კომპანია “სოკართან” და არ არსებობს გაზპრომთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე სპეკულაციის საფუძველი.

6 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე („ევროპა ცვლის გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს ვარშავის სამიტის შემდეგ“) პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს   მეზობელ აზერბაიჯანთან განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები აქვს და შესანიშნავად თანამშრომლობს ენერგოსფეროში. პრემიერის თქმით,, საქართველოს გააჩნია სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, საიდანაც “ბრითიშ პეტროლიუმისგან” 2018 წლისათვის ელოდება ბუნებრივი აირის გაზრდილ მიწოდებას.

“ასევე, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა “სოკართან”, ძლიერ აზერბაიჯანულ ენერგოკომპანიასთან, რომელიც საქართველოში გაზის მთავარი მომწოდებელია. ჩვენ გვაქვს რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო გაზსადენი”, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს ენერგორესურსების ბანალსი საკმაოდ სტაბილური და ხელსაყრელია მომავალი ეკონომიკური განვითარებისათვის.

“რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით აზერბაიჯანთან ამ სტრატეგიულ ურთიერთობაში. არ არსებობს გაზპრომთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე სპეკულაციის საფუძველი ენერგიის მიწოდების ალტერნატიული წყაროების არსებობის გამო  იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ხელსაყრელი პირობები “სოკართან”. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები შეინარჩუნოს არსებული სახით. წარსულში გვინახავს, როგორ გამოიყენეს გაზპრომი პოლიტიკური მიზნებისათვის”, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა დღეს, 6 სექტემბერს სასტუმრო “რუმსში” “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” ორგანიზებულ კონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი