ახალი ამბები

ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი 5 წლის თავზე ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა

5 სექტემბერი, 2016 • 1842
ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი 5 წლის თავზე ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და “რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარობის კანდიატის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებით, რომელიც “რესპუბლიკურ პარტიასა” და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ეხებოდა, ეგზისტენციალური ომი მოუგო საკუთარ თავს და 2011 წლის ივანიშვილი დაამარცხა:

“ერთი ფრაზით რომ შევაფასო მთელი ეს ინტერვიუ, ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა 2011 წლის ბიძინა ივანიშვილი. ეგზისტენციალური ომი მოუგო საკუთარ თავს. 2011 წელს “რესპუბლიკელები” არსად არ მისულან, არავის კალთას არ გამოჰკიდებიან, არაფერი არ უთხოვიათ, ჩვენ მან დაგვიძახა, ბრძოლაში გვერდში დგომა გვთხოვა და, როგორც გვჩვევია, ზუსტად ისე, თამამად და მედგრად ვიდექით იმ ბრძოლაში და ასე მოვიგეთ არჩევნები. თუმცა შემდეგ ადამიანებს პრიორიტეტები შეეცვალათ და ის ფაქტი, რომ დღეს მან მის მიერვე დაძახებულ ორივე პარტნიორზე [რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებზე] გაილაშქრა, მან ამით თავის თავს ის ბრძოლა მოუგო, რომელიც, როგორც ჩანს, მას შინაგანად ჰქონდა 2011 წლის იმ ღირებულებებთან, რომელიც მის პირველ წერილში იყო და ეს ძალიან სამწუხაროა”,- ამბობს ხიდაშელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თინა ხიდაშელი პუნქტობრივად პასუხობს იმ მოსაზრებებს, რომლებიც ივანიშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” შესახებ ტელეკომპანია “ჯიდიესის” (GDS) (გადაცემა “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”) პირდაპირ ეთერში გამოთქვა. ყოფილი პრემიერის აზრით, ისინი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ, საკუთარი პარტიის მიღმა ვერ იხედებიან და ილია ჭავჭავაძესა და ქვეყნის დამპყრობლებზე არაერთგვაროვან განცხადებებს ავრცელებენ, რასაც საზოგადოება სწორად აფასებს და ამიტომაა პარტიის რეიტინგი დაბალი:

“[ილია ჭავჭავაძის შესახებ] მან ჩვეულებრივი ჭორი გაავრცელა, რომელიც ასავალ-დასავალის მიერ მოგონილი ჭორია, მე შემიძლია მივულოცო ბიძინა ივანიშვილს, 2011 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ, 5 წლის თავზე, ასავალ-დასავალის ენით ალაპარაკდა და ეს აბსოლუტური ტყუილია, “ასავალ-დასავალის” მიერ მოგონილი ტყუილი, რომელსაც პერიოდულად სხადასხვა ხალხი იყენებდა, და ავრცელებდა და დღეს ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდა.

მეორე, თქვა, რომ ქვეყნის დამპყრობელზე ვერ ამბობდნენ, რომ ცუდიაო. მე ვიცი, რასაც გულისხმობს, მეჩეთზე საუბრობს აჭარაში. პრაქტიკულად ის ამით დავით თარხან-მოურავის ანტითურქული კამპანიის კონტექსტში ჩაეწერა და ეს ყველაზე უფრო სამწუხაროა.

მესამე, მან თქვა რომ პარტიის ფარგლებიდან ვერ გადიანო, ამ ნაწილზე დავით უსუაფაშვლმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნების დავებზე, საუბრებზე და მიმოწერაზე ბიძინა ივანიშვილთან, როგორი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, ის, რამდენიმე დღეში ყველაფერს გამოაქვეყნებს. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, დგება ხოლმე მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა უთხრა ის, რაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, საზოგადოება ნახავს ყველაფერს, რაც ჩვენგან მის მაგიდაზე იდებოდა – სახელმწიფოს მშენებლობის რეცეპტები და შეთავაზებები”,- ამბობს ხიდაშელი.

ბიძინა ივანიშვილს დღევანდელი ეთერის დროს მხოლოდ “რესპუბლიკური პარტიის” შესახებ არ უსაუბრია, მან პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შესახებ განაცხადა, რომ უსუფაშვილი “ქართული ოცნების” დახმარებით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და “ამას მუდამ გვამადლის”. ივანიშვილმა  საქართველოს ახლანდელ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას ახსენა დავით უსუფაშვილი. მან კვირიკაშვილის დადებითი თვისებები ჩამოთვალა, აღნიშნა, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ და დასძინა, რომ “უსუფაშვილს არ აქვს ის თვისებები, რაც კვირიკაშვილს”. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი გაბრაზებულია უსუფაშვილზე, რადგან იგი მისი გავლენის ქვეშ ვერ მოაქცია:

“როდესაც მან თქვა, რომ უსუფაშვილს არ აქვს ის თვისებები, რომელიც აქვს კვირიკაშვილს, ის ამაში მართალია და 100%-ით ვეთანხმები. დათო უსუფაშვილი არასდროს თანაგუნდელი არ გახდება ადამიანების, რომლებსაც წლების განავლობაში ებრძოდა იმიტომ, რომ ისინი ანგრევდნენ ქართულ სახელმწიფოს. მე ერთადერთი კითხვა მაქვს ბიიძინა ივანიშვილთან, როდესაც ის ესბრძვის “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის,  საკუთარი მხარდაჭერილი პარტიის საარჩევნო სიას და მაჟორიტარობის კანდიდატებს გადახედოს. თუ ეს არჩევნები ისე დამთავრდა, როგორც მას წარმოუდგენია, ის აბრუნებს “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს ხელისუფლებაში”

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, შეუნიშნავს თუ არა ივანიშვილის ამგვარი დამოკიდებულება “რესპუბლიკური პარტიის” და დავით უსუფაშვილისადმი, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო და კოალიციურ რეჟიმში მუშაობდნენ, თინა ხიდაშელი პასუხობს:

“არასდროს არ ყოფილა და ამაზე მთელი არქივი არსებობს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი საყვარელი პოლიტიკოსია დავით უსუფაშვილი, რომ ყველაზე მეტ რჩევას მისგან იღებს. შიდა საუბრებში ამბობდა, რომ ერთადერთი ვარსკვლავი ქართული პოლიტიკის არის დავით უსუფაშვილი”.

თინა ხიდაშელმა “ნეტგაზეთთან” აგვისტოში ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ადამიანების ფასი და პატივისცემა. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა იმავეს ბიძინა ივანიშვილზე  დღევანდელი განცხადებების შემდეგ, ხიდაშელი ასე პასუხობს:

“კი, დღესაც ასე ვფიქრობ და გაბრაზება არის ჩემთვის ამის დასტური, ის, რომ ის ემოციის გარეშე ამაზე ვერ ლაპარაკობდა, არის ამის დასტური, რომ მან ძალიან კარგად იცის დავით უსუფაშვილის ფასი და ეს სწორედ ამ სიბრაზეში გამოჩნდა”. 

“რესპუბლიკური პარტია” 2012 წელს კოალაცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი აირჩიეს. 2015 წელს თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, როგორც თავად ხიდაშელი ამბობს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, როცა ის უკვე ყოფილი პრემიერ მინისტრი იყო. ხიდაშელის გარდა, მთავრობაში კიდევ ორი რესპუბლიკელი მინისტრი იყო, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს და შერიგების სახელმწიფო სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდნენ. 2016 წლის ზაფხულში “რესპუბლიკელებმა” კოალიცია დატოვეს და ისინი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი