საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “ჯიდიესის” (GDS)(გადაცემა “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”) პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების” კოალიციაში ყოფნისას მოახერხა პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო.
ივანიშვილმა საქართველოს ახლანდელ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას ახსენა დავით უსუფაშვილი. მან კვირიკაშვილის დადებითი თვისებები ჩამოთვალა, აღნიშნა, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ და დასძინა, რომ “უსუფაშვილს არ აქვს ის თვისებები, რაც კვირიკაშვილს”.
“[დავით უსუფაშვილმა] ისევ “ქართული ოცნების” კოალიციაში ყოფნის დროს მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
“რესპუბლიკური პარტია” 2012 წელს კოალაცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი აირჩიეს. წელს, 2016 წლის ზაფხულში, “რესპუბლიკელებმა” კოალიცია დატოვეს და ისინი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან.