ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვითელი ავტობუსის 15-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა

2 სექტემბერი, 2016 • 2663
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყვითელი ავტობუსის 15-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა

ე.წ. ყვითელი ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ისანში, ერთ-ერთი სასტუმროს ტერიტორიაზე შევარდა.  ინციდენტში მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა. ავტობუსმა სასტუმროს ღობე შეანგრია და შიგნით მდგომი ავტომობილებიც დააზიანა. როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაზარალდა 18 ადამიანი.

“18 დაზარალებული გადავიყვანეთ სხვადასხვა კლინიკაში. ყოფილი არამიანცის ტერიტორიაზე რამდენიმე კლინიკაა და იქ მოვათავსეთ. პირველადი დათვალიერებით მათ აღენიშნებათ პოლიტრავმები და მსუბუქი ტრავმები, თუმცა ეს პირველადი დათვალიერების შედეგია და საბოლოო დასკვნა ექიმმა უნდა გამოიტანოს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სასწრაფოს პრესსამსახურში. ინგოროყვას კლინიკაში რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ რამდენიმე დაზარალებულს აღენიშნება მოტეხილობა.

სასტუმრო რიჩის მიმდებარე ტერიტორია

სასტუმრო რიჩის მიმდებარე ტერიტორია

სასტუმრო რიჩის მიმდებარე ტერიტორია

სასტუმრო რიჩის მიმდებარე ტერიტორია

დაზარალებულების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია:

“ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16  მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს  უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.  „თბილისის სატრანსპორტო“ კომპანიისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან”, – აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  დაწყებულია. საქმე 276- მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი