ახალი ამბები

ISFED: “პატრიოტთა ალიანსი” მოსახლეობის მოსყიდვას უფასო საკვების დარიგებით ახორციელებს

1 სექტემბერი, 2016 • 1464
ISFED: “პატრიოტთა ალიანსი” მოსახლეობის მოსყიდვას უფასო საკვების დარიგებით ახორციელებს

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, “პატრიორტთა ალიანსი” პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის მოსყიდვას უფასო საკვების დარიგებით ახორციელებს. ISFED-ის ცნობით, უფასო საკვებთან ერთად, პარტიის წარმომადგენლები სააგიტაციო ბეჭდურ მასალასაც არიგებენ.


ვიდეო: ISFED

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ძმ. კაკაბაძეების ქუჩა 2 ნომერთან, საარჩევნო სუბიექტის, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებელი, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ადგილზე 21 აგვისტოს, დღის 12 საათზე იმყოფებოდა. მოქალაქეები მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ უფასო საკვები პროდუქტით ნებისმიერ მსურველს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსი, დღეში ორჯერ ამარაგებს,” – ნათქვამია “სამართიანი არჩევნების” განცხადებაში.

ISFED-ის ცნობით, მათი დამკვირვებელი ადასტურებს, რომ საკვებთან ერთად მოქალაქეებს აღნიშნული პარტიის სააგიტაციო ბეჭდური მასალაც გადაეცემათ.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებელმა სცადა გასაუბრებოდა იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიგებდნენ საკვებს, თუმცა მათ უარი განაცხადეს პასუხზე და აგრესიული ტონით აიძულეს ტერიტორიის დატოვება.

ნეტგაზეთი ამ საკითხზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთ ლიდერს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშრდა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტს:

“პარტიის ოფისში ვზივარ ახლა და არავინ არაფერს არიგებს: არც საკვებს და არც საინფორმაციო მასალას. არჩევნებია და ოფისიდან საინფორმაციო მასალა გავა, მაგრამ კვება გამორიცხულია. ჩვენს წინ “მაგდონალდსია” და იქ იკვებება ხალხი. სისულელეა. მობრძანდით, ბატონო, და ნახეთ. ტყუილია ეს.”

ISFED-ის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა და ნებისმიერი საქველმოქმედო საქმიანობა, როდესაც საარჩევნო სუბიექტის მიერ, ან სუბიექტის სასარგებლოდ ხორციელდება, საარჩევნო კანონმდებლობით, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით, აკრძალურ და დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვა ჯანსაღი საარჩევნო გარემოსთვის საფრთხის შემცველი ქმედებაა, რაზეც კომპეტენტურმა უწყებებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ მათთვის მიწოდებული მასალები და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი