ახალი ამბები

პარტიზანმა მებაღეებმა სასამართლოში თბილისის მერიასთან კარვის დადგმის შესახებ დავა მოიგეს

31 აგვისტო, 2016 • 1410
პარტიზანმა მებაღეებმა სასამართლოში თბილისის მერიასთან კარვის დადგმის შესახებ დავა მოიგეს

პარტიზანი მებაღეებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თბილისის მერიასთან კარვის დადგმასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

საქმე ეხებოდა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, პარტიზან მებაღეებს საპროტექტო აქციის ფარგლებში თბილისის მერიასთან სკვერში, იმ ადგილას, სადაც მათ სურდათ, კარვის დადგმის საშუალება არ მიეცათ.

ამის შესახებ ნეტგაზეთს საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ აცნობა. სასამართლოში პარტიზანი მებაღეების უფლებებს საია იცავდა.

მისივე ცნობით, საქმე მოსამართლე თამარ მეშველიანმა განიხილა.

“სასამართლომ უკანონოდ ცნო მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც პარტიზან მებაღეებს შეეზღუდათ შეკრების უფლება და კარვის განთავსება სკვერის იმ ნაწილში, რომელშიც მათ სურდათ, და მერიას დაევალა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს და არ შეუშალოს ხელი აქციის მონაწილეებს, რომ კარავი განათავსონ იმ ადგილას, სადაც მათ სურთ. ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და, შესაბამისად, არის ძალაში, ანუ, დაუყოვნებლივ, დღეს თუ ექნებათ სურვილი აქციის მონაწილეებს, შეუძლიათ ეს კარავი დადგან,”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავდნენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

25 აგვისტოს მერიასთან მათ კარვის დადგმა და პროტესტის ამ სახით გაგრძელება სურდათ, რისი საშუალებაც მერიამ არ მისცა იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებდა. მერიამ პარტიზანებს მოუწოდა, კარავი მოშორებით გაეშალათ.

ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, მერიამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ შეეშლებოდა კარვის დადგმით ხელი მათ საქმიანობას. მისივე  განცხადებით, მერიამ კანონით მინიჭებული უფლება არამართებულად გამოიყენა:

“პროტესტის ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ზოგადად, პროტესტის უფლებისთვის და იმ ფორმით უნდა შეეძლოთ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვა, რა ფორმითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. ამ შემთხვევაში, იქ მერია კარვის დადგმის წინააღმდეგი იყო, მაგარამ თუ, მაგალითად, იქ მჯდომარე აქცია არ უშლის ხელს მერიას საქმიანობის განხორციელებაში, არც კარვის განთავსება არ შეუშლიდა ხელს ამაში. უბრალოდ, მერიას შესაძლოა არ მოსწონდეს კარვის განთავსების პერსპექტივა მერიის შენობასთან, თუმცა ეს არის ადამიანის უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რა ფორმითაც სურთ,”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი