ახალი ამბები

მერია პარტიზან მებაღეებს მოუწოდებს, კარვები შენობისგან მოშორებით, სკვერში გაშალონ

25 აგვისტო, 2016 • 1491
მერია პარტიზან მებაღეებს მოუწოდებს, კარვები შენობისგან მოშორებით, სკვერში გაშალონ

ქალაქ თბილისის მერია თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსებასთან დაკავშირებით „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს მოძრაობის წევრებს, რომ კარვები შენობისაგან მოშორებით, სკვერში გაშალონ, რადგან კარვები შენობის შესასვლელის ბლოკირებას გამოიწვევს.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება.

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს ოცი მეტრისა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნას ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა.

შესაბამისად, თბილისის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიზანული მებაღეობის აქტივისტებმა შიმშლობის აქცია შეწყვიტეს, თუმცა თბილისის მერიასთან პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება. გარემოს დამცველებს მერიასთან კარვების გაშლა სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი