ახალი ამბები

ემთხვევა თუ არა ერთმანეთს თბილისისა და სოხუმის სურვილები

26 აპრილი, 2012 •
ემთხვევა თუ არა ერთმანეთს თბილისისა და სოხუმის სურვილები

ირაკლი ალასანიას განცხადება დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ მოექცა იმ მიზეზთა ნუსხაში, რის გამოც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ანდჟეი ტიშკევიჩი “არასასურველ პირად” გამოაცხადა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით, ცხადია, რომ ვერ განახორციელებს მიუკერძოებელ მონიტორინგს და ვერ მისცემს ობიექტურ შეფასებას იმას, თუ რა ემუქრება რეგიონში მიმდინარე პროცესების უსაფრთხოებას. ნაწილობრივ, ბატონი ტიშკევიჩის არასათანადო ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის სიახლოვეს, არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რაზეც იტყობინებოდნენ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსები”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წუხილი გამოვთქვა იმისთვის, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები. ამ განცხადებებმა მისცა საბაბი და არა – ლეგიტიმაცია, ასეთ აგრესიული კამპანიას  ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ”, – ასეთი შეფასება მისცა დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

აფხაზეთის დე ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს ამ განცხადებების შეფასებისას “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ალექსი პეტრიაშვილი:

“ხელისუფლებამ ბუნებრივად ნახა გამოსავალი ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდან, რომელიც ჩიხშია შესული და ამოწურული აქვს ყოველგვარი რესურსი რაიმე შედეგის მიღწევის და ცდილობს ისარგებლოს ამ შემთხვევით და ბუნებრივად გაიამხანაგა და გაიჩინა მოკავშირედ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ასევე ცდილობს საერთაშორისო მონიტორინგის სივრციდან გასვლას”.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მთავარი საკითხი ეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებას აფხაზეთის ტერიტორიაზე:

“ბატონი ტიშკევიჩი, მონაწილე მოლაპარაკებებისა, რომელიც იმართება ინციდენტებზე რეაგირებისა და აღმოფხვრის მექანიზმის ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების იგნორირებას ახდენს უკანონო მოთხოვნით – დაშვებული იქნას აფხაზეთის ტერიტორიაზე ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას,” – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

24 აპრილს ჩაიშალა გალში დაგეგმილი შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკების შედეგად ჩამოყალიბებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინიტრო განცხადებაში ხაზს უსვამს “აფხაზეთის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიების მიმართ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატის ჩარჩოში, და მნიშვნელოვნად მიიჩნევს დისკუსიის შედეგად შექმნილი ინციდენტების აღმოფხვრისა და რეაგირების ხუთმხრივი მექანიზმის შენარჩუნებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი