ახალი ამბები

ეუთომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დაიწყო

30 აგვისტო, 2016 • 1086
ეუთომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დაიწყო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებათა ოფისი სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას საქართველოში დღეიდან იწყებს. გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.

დღეს, 30 აგვისტოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო:

“OSCE/ODIHR საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას დღეიდან იწყებს. ეს არის გრძელვადიანი მისია, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება 26 დამკვირვებელი 15 ქვეყნიდან, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

დღევანდელ შეხვედრას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრ კელჩევსკი, ხელმძღვანელის მოადგილე მეგან ფიცჯერალდი, მრჩეველი ალექსი ლიჩკოვახი, გრძელვადიან დამკვირვებელთა კოორდინატორი კერსტინ დოქტერი, ანალიტიკოსი საარჩევნო საკითხებში ვანია ანგუელოვა, ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში ენირა ბრანიცსკაია და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი