ახალი ამბები

ამერიკული და ევროპული სერიალები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

30 აგვისტო, 2016 •
ამერიკული და ევროპული სერიალები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 28 ამერიკულ–ევროპული სერიალი და დოკუმენტური ფილმი შეიძინა, რომელსაც მაყურებელი პირველ და მეორე არხებზე 2016–17 წლის სეზონში იხილავს. სერიალები ნებისმიერი ჟანრის მოყვარულთა და ასაკის მაყურებლისთვის არის გათვლილი – ანიმაციურიდან მძაფრსიუჟეტიან სერიალებამდე.

სერიალების ნახევარი პირველ და მეორე არხის ეთერში 2016 წელს გავა, ხოლო მეორე ნახევარს 2017 წელს ვიხილავთ. სერიალებს შორის მოხვდნენ: The OfficeThe AmericansElementaryMadam SecretaryThe Affair.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე ერთ წელია მხოლოდ პრემიუმკლასის ევროპულ და ამერიკულ სერიალებს ყიდულობენ.

“ჩვენ არ ვყიდულობთ ინდურ და თურქულ სერიალებს, რომლებსაც ბაზარი პრემიუმკლასს უწოდებს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს შემუშავებული გარკვეული მატრიცა, რომლის მიხედვითაც ირჩევა სერიალები. ხვდება ამ მატრიცულ ბადეში, სადაც არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც სერიალი უნდა აკმაყოფილებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ვყიდულობთ. ისევ იგულისხმება მათი რეიტინგი, რომელიც, მაგალითად, IMDB-ის რეიტინგს უნდა შეესაბამდებოდეს. დაახლოებით სულ 10 კრიტერიუმია, რომელსაც სერიალი უნდა აკმაყოფილებდეს,” – განუცხადა ნეტგაზეთს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა, თიკო ბერძენიშვილმა.

ამერიკული და ევროპული სერიალები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

ამერიკული და ევროპული სერიალები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

ბერძენიშვილის თქმით, უკვე აწარმოეს მოლაპარაკება BBC-სთან და ისინი ერთობლივად იწყებენ დოკუმენტური ფილმების ძალიან დიდ ციკლს. საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს ღამის სერიალები, ასევე, აგრძელებს პოლიტიკური სერიალების ციკლს:

“დოკუმენტური ფილმები იქნება შემეცნების, კულტურისა და ისტორიის შესახებ, რომელიც ეთერში გავა ყოველდღიურად. საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლა მიმდინარეობს რეორგანიზაცია და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ვაპირებთ რებრენდიგის გაკეთბას, რის შემდეგაც ბაზარზე შევალთ უკვე ახალი პროდუქტით. მაგალითად, The Americans და Madam Secretary უფრო პრემიუმკლასის ღამის სერიალებია. ასევე გვაქვს House Of Cards-ზე ექსკლუზიური უფლებები და ვაგრძელებთ პოლიტიკური სერიალების ციკლს.”

როგორც თიკო ბერძენიშვილი ამბობს, ასევე განახლდა თარგმნა–გახმოვანების ჯგუფი და გაიზარდა რესურსი. ზოგი სერიალი და ფილმი გახმოვანდება კარგი ხარისხით ოთხ ხმაში, რაც მისი თქმით, ძალიან ინოვაციურია:

“მიზანი არის, რომ გვქონდეს ხარისხიანი პროდუქტი ბაზარზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ–ერთი ფუნქცია ის არის, რომ რეიტინგის გარდა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია. ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს სერიალები უკვე ნანახი აქვთ. მესმის, მაგრამ ქართულად ნათარგმნი და ლიცენზირებულად ნაყიდი/პირატული, ეს არის მთელი მოტივაცია; ბაზარზე გაჩნდეს ქართულად გახმოვანებული მაღალი ხარისხის პროდუქცია.”

კითხვაზე, თუ როგორი კრიტერიუმებით შეირჩა ეს სერიალები, საზმაუში გვპასუხობენ, რომ წელს პირველად ჩაატარეს ფოკუსჯგუფი, რომლის მიხედვითაც ჩამონათვალში ესპანური სერიალიც აღმოჩნდა.

“წელს პირველად გავაკეთეთ ფოკუსჯგუფი და შეირჩა ესპანური სერიალი, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა გვეყიდა. ასევე, რამდენიმე სკოლაში გავაკეთეთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც ავარჩიეთ საბავშვო მულტფილმები. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ისეთი ნიშა დავიკავოთ, სადაც იქნება კარგი ხარისხის დოკუმენტური ფილმები და სერიალები,” – გვიპასუხეს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა თანხა დაჯდა ეს 28 სერიალი, თუმცა ამ ინფორმაციის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ საჯარო მიმართვის შემდეგ გასცემს. ნეტგაზეთი ამის შესახებ ინფორმაციას მოწოდების შემდეგ გაგაცნობთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი