ახალი ამბები

ლეონიდ ჩერნოვეცკი კენჭს ქობულეთში იყრის

30 აგვისტო, 2016 • 1968
ლეონიდ ჩერნოვეცკი კენჭს ქობულეთში იყრის

ლეონიდ ჩერნოვეცკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.

„გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებზე, ქობულეთის ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარვდგე. თუმცა პოლიტიკურ პარტიაზე უარი არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი. პარტია აუცილებლად იარსებებს და ის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს! მიუხედავად ყველაფრისა, იმ კანონპროექტებს, რომელთა შესახებაც ბევრი გესაუბრეთ და რომლებისთვისაც ხელმოწერებს ვაგროვებდით, პარლამენტში მაინც გავატარებთ. მაგრამ ამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარდგენა ვერ გადავწყვიტე, რადგან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ისეთი ათი კანდიდატიც კი ვერ ვიპოვე, რომლებიც საქართველოს კანონების შეცვლასა და მათ გაუმჯობესებას შეძლებდნენ. ქართველების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის ჩემს მისწრაფებას ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ უმრავლესობა გამოუცდელი ადამიანები არიან, ამ საქმეს კი პროფესიონალები სჭირდება. აქედან გამომდინარე, პარტია საქმიანობას მომავალში განაგრძობს და ჩვენ დეპუტატობის კანდიდატების საუკეთესო კადრების შერჩევას გავაგრძელებთ,”- წერს ჩერნოვეცკი.

ჩერნოვეცკის თქმით, მას უფლისა და ხალხის თანადგომის სჯერა:

“მე გადავწყვიტე ქობულეთში კენჭისყრა, რადგან აქ 5 წელია ვცხოვრობ. ვცხოვრობ სწორედ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ჩემს კანდიდატურას მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე ვთავაზობ. ქობულეთელების თითოეული პრობლემის შესახებ ყველაფერი ვიცი. ჩემთვის გასაგები და ახლოა ყველაფერი ის, რაც ქობულეთის მაცხოვრებლებს აწუხებს – სიღარიბე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური დახმარების უქონლობა- უპირველესად იმათთვის, ვინც ამას განსაკუთრებით საჭიროებენ- ეს ბავშვები და მოხუცები არიან. აქ არ არის სამუშაო ადგილები, არ არსებობს ახალგაზრდებისთვის სათანადო პერსპექტივა, არ შემოდის ინვესტიციები. ამ საკურორტო რეგიონს კი განვითარება სჭირდება. მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც მზად ვარ, რომ თავი მივუძღვნა! რაც მთავარია – ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო. მე მჯერა უფლისა და თქვენი თანადგომის, რადგან მხოლოდ ჩემი ხალხის, ჩემი თანაქალაქელების კეთილდღეობა და ბედნიერება მსურს,” – ამბობს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა.

მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი