ახალი ამბები

პარტიზანი მებაღეები და საია მერიას სასამართლოში უჩივლებენ

29 აგვისტო, 2016 •
პარტიზანი მებაღეები და საია მერიას სასამართლოში უჩივლებენ

პარტიზანული მებაღეობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ აეკრძალათ თბილისის მერიასთან კარვის დადგმა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საიას ადვოკატმა, ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა.

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

25 აგვისტოს მერიასთან მათ კარვის დადგმა და პროტესტის ამ სახით გაგრძელება სურდათ, რისი საშუალებაც მერიამ არ მისცა იმ მოტივით, რომ ეს გამოიწვევდა შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებდა. მერიამ პარტიზანებს მოუწოდა, კარავი მოშორებით გაეშალათ.

ნონა ქურდოვანიძის განმარტებით, მერიამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ შეეშლებოდა კარვის დადგმით ხელი მათ საქმიანობას. მისივე  განცხადებით, მერიამ კანონით მინიჭებული უფლება არამართებულად გამოიყენა:

“პროტესტის ფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ზოგადად, პროტესტის უფლებისთვის და იმ ფორმით უნდა შეეძლოთ აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვა, რა ფორმითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. ამ შემთხვევაში, იქ მერია კარვის დადგმის წინააღმდეგი იყო, მაგარამ თუ, მაგალითად, იქ მჯდომარე აქცია არ უშლის ხელს მერიას საქმიანობის განხორციელებაში, არც კარვის განთავსება არ შეუშლიდა ხელს ამაში. უბრალოდ, მერიას შესაძლოა არ მოსწონდეს კარვის განთავსების პერსპექტივა მერიის შენობასთან, თუმცა ეს არის ადამიანის უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რა ფორმითაც სურთ,”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

საია ასევე მოითხოვს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისთვის ორდღიანი ვადა გამოიყენოს:

“ეს სარჩელი თუ განიხილება ჩვეულებრივ ვადაში, მაშინ აზრი დაეკარგება დავას იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვეულებრივ, სასამართლოში საქმეები საქართველოს რეალობაში 2-3 წელიც შეიძლება გაგრძელდეს. 2-3 წლის შემდეგ კარგის დადგმის უფლებას მისცემენ თუ არა, დღევანდელი პროტესტისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი