ახალი ამბები

ქალთა მოძრაობა: ნატა ფერაძის გაკიცხვა საზოგადოების მხრიდან ჩვეული სექსიზმის გამოვლინებაა

27 აგვისტო, 2016 • 1660
ქალთა მოძრაობა: ნატა ფერაძის გაკიცხვა საზოგადოების მხრიდან ჩვეული სექსიზმის გამოვლინებაა

ქალთა მოძრაობა ნატა ფერაძეს და “პარტიზანულ მებაღეობას” სოლიდარობას უცხადებს და მათ მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს. მოძრობისათვის მისაღებია პროტესტის რადიკალური ფორმა და ნატა ფერაძის გაკიცხვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათი განცხადებით, ჩვეული სექსიზმის გამოვლინებაა:

“ქალთა მოძრაობა” სრულად იზიარებს “პარტიზანი მებაღეების” მოთხოვნებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომის, აღნიშნული სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების, სტრუქტურის შეცვლის და საკანონმდებლო ცვლილებების გატარების თაობაზე.

აქვე ვეხმაურებით „პარტიზანი მებაღის“ ნატა ფერაძის გარშემო ატეხილ აურზაურს. “პარტიზანი მებაღეების” ოთხწლიანმა თანმიმდევრულმა პროტესტმა თბილისის მრავალ მოქალაქეს მისცა რწმენა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათი სახელით იბრძოლებენ ქალაქის კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბოლო პერიოდში “პარტიზანი მებაღეების” პროტესტს მძაფრად შეეწინააღმდეგა ხელისუფლება, რამაც ჯგუფის დღის წესრიგში დააყენა რადიკალური ზომების გამოყენების საჭიროება. მოცემულ ვითარებაში სამოქალაქო პროტესტის რადიკალური ფორმა მიგვაჩნია სრულიად ადეკვატურად, ხოლო ნატა ფერაძის გაკიცხვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩვეული სექსიზმის გამოვლინებად.

“ქალთა მოძრაობა” გმობს საჯარო პირების მიმართ სქესის ნიშნით ორმაგი სტანდარტის არსებობას და სოლიდარობას უცხადებს ნატა ფერაძეს. მისი უკომპრომისო ბრძოლა უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოსათვის არის სასიცოხლოდ აუცილებელი ჩვენი საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად და ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.” – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობა” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას დღეს, 27 აგვისტოს, 17:00 საათზე ხელმოწერების შეგროვებით განაახლებს.

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი