ახალი ამბებისაზოგადოება

ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს სხდომაზე ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს

26 აგვისტო, 2016 • 1594
ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს სხდომაზე ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის, დავით ნარმანიას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას დააყენებს, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადს ხელს საკრებულოს მხოლოდ რვა დეპუტატის აწერს.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოში გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც დავით ნარმანია მოხსენებით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. თბილისის მერი საკრებულოში დაიბარეს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, პარტიზანმა მებაღეებმა, ყაზბეგის ქუჩაზე ხეების ჭრა გააპროტესტეს.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეს იქნება დავით ნარმანიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, რადგან ეს ადამიანი სრულიად მოწყდა რეალობას და არის არაადეკვატური. შესაბამისად, სხვა რაიმე კითხვის დასმას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, თუმცა ჩვენ მაინც მოვუსმენთ მას ყურადღებით. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასაც, რომ მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომ გადადგეს,”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნარმანიას გადადგომის მოთხოვნაზე 8 ხელმოწერაა, საიდანაც 7 ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების ეკუთვნით, ერთი კი დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის. ნადირაძე ამბობს, რომ სხვა ოპოზიციური ძალები გადაწყვეტილებას დღევანდელი სხდომის შემდეგ მიიღებენ.

საკრებულოში მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას 24 ხმა სჭირდება, საკრებულოში უმრავლესობა კი, ნარმანიას გადაყენებას არ გეგმავს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, უმრავლესობა თავით ნარმანიას გადაყენების საკითხს არ განიხილავს.

“უმრავლესობაში მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და აქედან გამომდინარე, ერთად უნდა დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის წინაშე დგას. ჩვენ მოვისმენთ დავით ნარმანიას მოხსენებას, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო წარდგინება და ამავე დროს, კომპეტენტური პასუხები. ბუნებრივია, თუ რაიმე კითხვა გაჩნდება ჩვენი მხრიდან, ჩვენ მას ლეგიტიმურად დავსვამთ,”- ამბობს ალიბეგაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი